ქუთაისის პარლამენტის შენობა შესაძლოა შსს-ს გადაეცეს

ქუთაისის პარლამენტის შენობა, შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს მას შემდეგ, რაც პარლამენტი მთლიანად გადავა თბილისში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანახმად,  შსს შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის და საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.

როგორც პარლამენტარმა გია გაჩეჩილაძემ გვითხრა, ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსია განიხილება, თუმცა დაგვიდასტურა, რომ “ერთ-ერთი სერიოზულ” ვერსიად ამ შენობის რეგიონული პოლიციის შენობად გადაკეთება განიხილება.

ნეტგაზეთი ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა შსს-ს. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომებს 2019 წლის იანვრიდან, სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს უმრავლესობის დეპუტატებმა, გია გაჩეჩილაძემ და გია ჟორჟოლიანმა.

პირველი არხის თანახმად, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება — პარლამენტის რეგლამენტში უკვე განიხილავენ ცვლილებას.

როგორც გია გაჩეჩილაძემ გვითხრა, პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს რეგლამენტის პროექტს, რომელშიც პლენარული სხდომების ჩატარების ადგილად თბილისის პარლამენტის სასახლეა მითითებული.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.