ახალი აიფონის საყიდლად რიგში მომლოდინეებს ჰუავეიმ ფაუერბანკები დაურიგა

ჰუავეიმ სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო კონკურენტ Apple-ის სინგაპურელ ფანებს, რომლებიც ახალი აიფონების საყიდლად რიგში 24 საათით ადრე ჩადგნენ. ახალი აიფონების გაყიდვა სინგაპურში დღეს, 21 სექტემბერს, ოფიციალურად დაიწყო. აიფონის მოყვარულები კი რიგში წინა დღით ჩადგნენ და, შესაბამისად, ტელეფონები დაუჯდათ.

ჰუავეიმ კონკურენტი ბრენდის გულშემატკივართა გულის მოგება კრეატიული და სასარგებლო მეთოდით სცადა და მათ ფაუერბანკები აჩუქა (ტელეფონის დასამუხტი პორტატული მოწყობილობა).

“ინებეთ ჰუავეის ფაუერბანკი. დაგჭირდებათ”, – ჰუავეის წარმომადგენლებმა ამ სიტყვებით დაურიგეს უფასო ფაუერბანკები ეფლის მოყვარულებს.

როგორც Yahoo News იტყობინება, მოულოდნელმა სიურპრიზმა ეფლის ფანები გაახარა. მათ კონკურენტის ქმედება კრეატიულ სარეკლამო ნაბიჯად შეაფასეს.

Yahoo News-მა აიფონის ერთ-ერთ მოყვარულს ჰკითხა, ამის შემდეგ შეიძენდა თუ არა ჰუავეის ტელეფონს და იტყოდა თუ არა უარს აიფონზე, რაზეც მან უპასუხა: “შეიძლება, ერთ დღესაც ასე მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ ეფლი თავის მოწყობილობას მნიშნელოვნად გააუარესებს, შეიძლება ჰუავეიზე გადავიდე”.

17 წლის სტუდნეტმა, რომელიც ახალი აიფონის რიგში იდგა, ჰუავეის ნაბიჯი “სასიამოვნოდ” შეაფასა: “ჩვენ 24 საათია რიგში ვდგავართ და უმრავლესობას, ტელეფონთან ერთად, ფაუერბანკიც დაუჯდა”. მიუხედავად ამისა, აიფონზე უარის თქმას  ჯერჯერობით არ გეგმავს.

ეფლმა ახალი აიფონები –  iPhone XS და iPhone XS Max – მიმდინარე წლის სექტემბერში წარადგინა. რაც შეეხება ჰუავეის, 16 ოქტომბრიდან გეგმავს Mate 20 სერიის ახალი, მძლავრი სმარტფონების გამოშვებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.