პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად გადადის

2019 წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომებს, სავარაუდოდ, დედაქალაქში გააგრძელებს.

ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს უმრავლესობის დეპუტატებმა, გია გაჩეჩილაძემ და გია ჟორჟოლიანმა.

ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პარლამენტი მთლიანად გადმოვა თბილისში.

პირველი არხის თანახმად, მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება — პარლამენტის რეგლამენტში უკვე განიხილავენ ცვლილებას.

როგორც გია გაჩეჩილაძემ გვითხრა, პარლამენტი, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს რეგლამენტის პროექტს, რომელშიც პლენარული სხდომების ჩატარების ადგილად თბილისის პარლამენტის სასახლეა მითითებული.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას — პირველი არხი წერს, რომ შენობა, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. როგორც გია გაჩეჩილაძემ გვითხრა, ამ საკითხზე სხვადასხვა ვერსია განიხილება, თუმცა დაგვიდასტურა, რომ “ერთ-ერთი სერიოზულ” ვერსიად მისი რეგიონული პოლიციის შენობად გადაკეთება განიხილება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.