2030 წელი კარგი დროა საქართველოსთვის, მიიღოს ევროპული პერსპექტივა – პიერ მირელი

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 2030 წლისთვის იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა თბილისში გამართულ გერმანულ-ქართულ-ფრანგულ კონფერენციაზე, რომელიც Polis180-ის (ბერლინი), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP, თბილისი) და Argo-ს (პარიზი) პარტნიორობით გაიმართა.

კონფერენციაზე ქართველმა, გერმანელმა და ფრანგმა ექსპერტებმა 2030 წლისთვის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სცენარებსა და სამოქმედო რეკომენდაციებზე იმსჯელეს. კონფერენციის მონაწილეებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა საქართველოში გერმანიის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, მაიკლ ფაბრის განცხადება, რომელმაც 2030 წლისთვის საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ “თუ ქვეყანა ამ შემართებით განაგრძობს მოძრაობას, ეს შესაძლებელი იქნება”.

დიპლომატმა დასტურად მოიყვანა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ საქართველოში ნათქვამი, რომ დასავლეთ ბალკანეთის შემდეგ “საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი, მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე”.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის დაპირება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს? – პიერ მირელი, რომელიც 2001-2013 წლებში გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა დირექტორი იყო ევროკომისიაში, საქართველოს ურჩევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) სრულად იმპლემენტაციას.

“საქართველო და უკრაინა არის ორი სახელმწიფო, რომელთაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც DCFTA სრულად შესრულდება, საქართველო ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით ნორვეგიის დონეზე იქნება ევროკავშირთან დაახლოების სტატუსის თვალსაზრისით. ამ მხრივ თქვენ დასავლეთ ბალკანეთზე წინ ხართ. მათ აწი უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები იმ საკითხებზე, რაც თქვენი DCFTA-ის შემადგენელია. გეთანხმებით, რომ ეს არ არის ევროპული პერსპექტივა, წევრობა, მაგრამ ძალიან დიდი სტიმულია რეფორმებისთვის საქართველოში”, – უთხრა პიერ მირელმა “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულ იმპლემენტაციაზე სამუშაო აქვს არა იმდენად ხელისუფლებას, რამდენადაც ბიზნესსექტორს.

“ამ შეთანხმების სრულად იმპლემენტაციას სულ მცირე 10 წელი დასჭირდება. თუ შეთანხმება სრულად შესრულდება და იმ დროისთვის ევროკავშირმაც შეძლო დღესდღეობით მის წინაშე არსებული ისეთი პრობლემების გადალახვა, როგორიცაა ფინანსური კრიზისი, მიგრაციის კრიზისი და სხვა, ვიმედოვნებ, ეს იქნება კარგი დრო საქართველოსთვის, მიიღოს ცნობილი ევროპული პერსპექტივა, რაც შემდეგ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს გაუღებს კარს 2030 წლისთვის”, – დასძინა მირელმა.

პიერ მირელი ევროკომისიას 1981 წელს შეუერთდა და მისი კარიერის დიდი ნაწილი გაფართოების საკითხებზე მუშაობდა. ის კურირებდა პოლონეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიტვასთან ურთიერთობებს, ასევე, იყო გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხებში დირექტორი უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და სლოვენიის, შემდეგ კი ხორვატიისა და თურქეთის შემთხვევაში, 2006 წლიდან გადადგომამდე კი – დასავლეთ ბალკანეთის საკითხებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი