ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზე “კანაფის დედოფალი” ხუმრობით ვთქვი

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე “კანაფის დედოფალი” ხუმრობით თქვა. მისი თქმით, პატრიარქის მოწოდება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური განცხადებები სასულიერო პირებს არ ეკეთებინათ, მას არ ეხებოდა.

“იმის გამო ვრეკავ, რომ ვთქვა, პატრიარქის მიმართვა მე საერთოდ არ მეხება. მის მოწოდებაში გამახვილებული იყო ყურადღება იმ მღვდლებზე, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ – ან არ დაუჭიროთ მხარი კონკრეტულ პიროვნებას, მტერია და ა.შ. ჩემს კომენტარზე ქალბატონ სალომეს არ ჰქონია ისეთი გამოხმაურება… თქვა, რომ მეუფეს რაც უთხრეს იმ მომენტში, იმაზე გასცა პასუხი. თან მე იუმორით გავეცი პასუხი – კრამიტებიც და კანაფის დედოფალიც. ვხუმრობდი… ეს იყო ხუმრობის ფორმა,” – განაცხადა ქორეპისკოპოსმა იაკობმა.

ხელისუფლების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, როდესაც თქვა, რომ მარიხუანის შესახებ საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგებოდა სათავეში, “ზოგერთ მედიამ და ზოგეირთებმა” ცუდად არ გაიგეს, მაგრამ კანაფის დედოფლად მონათლეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მარიხუანის კულტივაცია მისთვისაც მიუღებელია და უხარია, რომ პარლამენტმა კანონპროექტის ამ ნაწილის განხილვა გადადო.

  • უცნობია, რომელ მედიასაშუალებებზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ან უწოდა თუ არა რეალურად რომელიმე ჟურნალისტმა მას “კანაფის დედოფალი”.
  • დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატს “კანაფის დედოფალი” რუსთავი 2-თან საუბრისას მხოლოდ ქორეპისკოპოსმა იაკობმა უწოდა.

გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ სასულიერო პირებს პოლიტიკოსების არაკორექტულად მოხსენიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ილია მეორის მიმართვას წინ უძღოდა 18 სექტემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ქადაგება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე ისაუბრა. მისი თქმით, XVIII-XIX საუკუნეებში ფრანგი მისიონერები მოტყუებით ქადაგებდნენ კათოლიციზმს; მისივე განცხადებით, საქართველოში კათოლიკე მოსახლეობას მათი თანამედროვეები “გაუკუღმართებულ და წამხდარი აზროვნების მქონედ” მიიჩნევდნენ და “დაფრანგულებს” უწოდებდნენ . ამავე ტერმინით სასულიერო პირმა ზურაბიშვილი მოიხსენია.

სასულიერო პირის ეს განცხადება პლატფორმამ “არა ფობიას!” კათოლიკე ეკლესიის მიმართ დისკრიმინაციულად შეაფასა.

კანაფის დედოფალი არ ვარ – სალომე ზურაბიშვილი სამღვდელოების პოზიციას იზიარებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.