ახალი ამბები

კანაფის დედოფალი არ ვარ – სალომე ზურაბიშვილი სამღვდელოების პოზიციას იზიარებს

20 სექტემბერი, 2018 • 3287
კანაფის დედოფალი არ ვარ – სალომე ზურაბიშვილი სამღვდელოების პოზიციას იზიარებს

ხელისუფლების მხარდაჭერილი დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, როდესაც თქვა, რომ მარიხუანის შესახებ საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგებოდა სათავეში, “ზოგერთ მედიამ და ზოგეირთებმა” ცუდად არ გაიგეს, მაგრამ კანაფის დედოფლად მონათლეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მარიხუანის კულტივაცია მისთვისაც მიუღებელია და უხარია, რომ პარლამენტმა კანონპროექტის ამ ნაწილის განხილვა გადადო.

“ეს არის ყველაზე რთული და ყველაზე აგრესიული და არაჯანსაღი კამპანია, რაც თუნდაც, ალბათ, მოისმენდით/წაიკითხავდით გუშინდელი პატრიარქის სიტყვებს, რომელიც ეხმაურება სწორედ ამ მიუღებელ სიტუაციას. მე როცა ვთქვი, რომ ჩავდგები საინფორმაციო კამპანიის სათავეში, რომელიც საშინელი დაავადებაა და რომ ეს მიტანილი უნდა იყოს სკოლიდან ბოლომდე ახალგაზრდებთან, რომ ამით პერსპექტივას კი არ შოულობენ ახალს, ამით კარგავენ ყველა პერსპექტივას თავიანთ ცხოვრებაში, ამისი მიმტანი ვიქნები მე, ჩავუდგები ამ საინფორმაციო კამპანიას… ზოგიერთმა მედიამ და ზოგიერთებმა კი,ცუდად არ გაიგეს, მაგრამ მომნათლეს ამიტომ “კანაფის დედოფალი”. ვეღარ გამიგია…

მე ძალიან მიხარია, რომ ამ დროს, მაშინ, როცა მუშავდება ეს კანონმდებლობა, ის ნაწილი, რომელიც ჩემთვისაც ცოტა გაუგებარი იყო, ჯერჯერობით გადადებულია,” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი [სტილი დაცულია].

  • უცნობია, რომელ მედიასაშუალებებზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი, ან უწოდა თუ არა რეალურად რომელიმე ჟურნალისტმა მას “კანაფის დედოფალი”.
  • დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატს “კანაფის დედოფალი” რუსთავი 2-თან საუბრისას მხოლოდ ქორეპისკოპოსმა იაკობმა უწოდა, თუმცა ტვ პირველთან ჩართვისას სასულიერო პირმა განმარტა, რომ ეს ხუმრობით თქვა იმის შესახებ, რაც ჟურნალისტმა იმ მომენტში უთხრა.

გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ სასულიერო პირებს პოლიტიკოსების არაკორექტულად მოხსენიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ილია მეორის მიმართვას წინ უძღოდა 18 სექტემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ქადაგება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე ისაუბრა. მისი თქმით, XVIII-XIX საუკუნეებში ფრანგი მისიონერები მოტყუებით ქადაგებდნენ კათოლიციზმს; მისივე განცხადებით, საქართველოში კათოლიკე მოსახლეობას მათი თანამედროვეები “გაუკუღმართებულ და წამხდარი აზროვნების მქონედ” მიიჩნევდნენ და “დაფრანგულებს” უწოდებდნენ . ამავე ტერმინით სასულიერო პირმა ზურაბიშვილი მოიხსენია.

სასულიერო პირის ეს განცხადება პლატფორმამ “არა ფობიას!” კათოლიკე ეკლესიის მიმართ დისკრიმინაციულად შეაფასა.

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზე “კანაფის დედოფალი” ხუმრობით ვთქვი

მასალების გადაბეჭდვის წესი