ახალი ამბები

სლოტ-კლუბებში შესაძლოა მოწევა დაუშვან

20 სექტემბერი, 2018 • 1939
სლოტ-კლუბებში შესაძლოა მოწევა დაუშვან

შესაძლოა, სლოტ კლუბებში სიგარეტის მოწევა ისევ დაუშვან. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, სიგარეტის მოწევა შესაძლებელი იქნება სათამაშო აპარატების სალონში, რომლის მოსაწყობად სანებართვო მოსაკრებლის რაოდენობა მინიმუმ 200 000 ლარი უნდა იყოს.

სლოტ-კლუბებში სიგარეტის მოწევის დაშვების საკითხსს კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ. გოგიჩაიშვილი სლოტ-კლუბებში მოწევის დაშვების წინააღმდეგია. “ხელი აუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს”, – უთხრა ლევან გოგიჩაიშვილმა კაკი ზოიძეს.

მოქმედი კანონმდებლობით, სათამაშო ბიზნესიდან სიგარეტის მოწევა მხოლოდ სამორინეშია დაშვებული. კაკი ზოიძის განცხადებით, სათამაშო აპარატების სალონებმა დაბალი სალიცენზიო მოსაკრებელის გამო სამორინეები მსგავსი შეღავათით ვერ ისარგებლებს. კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ცალკე მდგომი სათამაშო სახლები სამორინეებთან შედარებით არაკონკურენტულ პირობებში იმყოფებიან, რადგან სამორინეები მომხმარებლებს სათამაშო აპარატებსაც სთავაზობენ და ამავე დროს იქ მოწევა დასაშავებია. აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოწევა სლოტ-კლუბებშიც გახდეს დასაშვები.

კანონპროექტის თანახმად, სლოტ-კლუბების გარდა, სიგარეტის მოწევა სპექტაკლშიც აღარ აიკრძალება. თუმცა, კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სიგარეტის მოწევა დასაშვები მხოლოდ მსახიობებისთვის სპეკტაკლის მიმდინარეობის დროს იქნება.

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სიგარეტის მოწევა ნებადართული იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული , სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზეც. კანონპროექტის მიხედვით, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ამ ადგილების რაოდენობა 3 – ზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო თითოეულის ფართობი 20 კვ.მ. არ უნდა აჭარბებდეს. კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს, სადაც მოწევა იქნება ნებადართული, ამ დაწესებულებების ხელმძღვანელები შეარჩევენ.

იურიდიულმა კომიტეტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი