ახალი ამბებისამართალი

13 წელი სიმართლის მოლოდინში – მარიამ ჯიშკარიანმა სტრასბურგში ცილისწამების საქმე მოიგო

20 სექტემბერი, 2018 • 7481
13 წელი სიმართლის მოლოდინში – მარიამ ჯიშკარიანმა სტრასბურგში ცილისწამების საქმე მოიგო

13-წლიანი დავა სიმართლის დასადგენად დასრულებულია – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიას” დირექტორის, მარიამ ჯიშკარიანის მიმართ დაარღვია კონვენციის მერვე მუხლი.

აღნიშნული მუხლი ეხება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ მარიამ ჯიშკარიანს 2005 წელს ცილი უსაფუძვლოდ დასწამა.

რა მოხდა 2005 წელს

ყველაფერი 2005 წელს დაიწყო, როდესაც მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ მარიამ ჯიშკარიანს ბრალი კორუფციაში დასდო. არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი კოტე კემულარიას აქტიურად აკრიტიკებდნენ ციხეებში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობისა და პატიმართა უფლებების დარღვევების გამო. მაშინ ომბუდსმენი სოზარ სუბარი იყო, მისი ერთ-ერთი მოადგილე კი, ბაჩო ახალაია. მარიამ ჯიშკარიანი იმ დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენდა.

Civil.ge-ის ინფორმაციით, 2005 წლის სექტემბერში გარდაიცვალა 24 წლის პატიმარი. არასამთავრობოებმა სახელმწიფო უწყებები დაადანაშაულეს იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული დროულად ვერ გადაიყვანეს საავადმყოფოში, რის გამოც გარდაიცვალა.

ციხეებში არსებულ კორუფციაზე განცხადება გაავრცელა ციხეების მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იყო დაკომპლექტებული. ეს ბრალდება ომბუდსმენის მოადგილე ბაჩო ახალაიამაც დაადასტურა და თქვა, რომ გარდაცვლილი პატიმრის დედას შვილის საავადმყოფოში გადასაყვანად ქრთამი მოსთხოვეს.

იუსტიციის მინისტრმა არასამთავრობოებს საპასუხო ბრალდებები წაუყენა, კონკრეტულად კი, მარიამ ჯიშკარიანს, რომელიც ციხეების მონიტორინგის ჯგუფში იყო. მის ფუნქციას წარმოადგენდა საპყრობილეებში პატიმართა მდგომარეობის მონიტორინგი და დოკუმენტირება.

“ბოლო დღეებში მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ [იუსტიციის სამინისტროს მიერ] გაირკვა, რომ ჯანმრთელი პატიმრების სამკურნალო დაწესებულებაში მოხვედრაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრი მარიამ ჯიშკარიანი, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ლანა გალდავაც. [იუსტიციის სამინისტროს მიერ მოპოვებული] დოკუმენტებით დასტურდება ადამიანის უფლებათა ეგრეთ წოდებულ დამცველთა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“, – იუსტიციის მინისტრ კოტე კომულარიას მიერ 2005 წლის სექტემბერში გავრცელებული ეს განცხადება Civil.ge-ს არქივმა შემოინახა.

ქართული სასამართლო იუსტიციის მინისტრის მხარეს

“ემპათიის” დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა ცილისწამებისთვის მაშინ ქართულ სასამართლოში იჩივლა და ყველა ინსტანცია გაიარა, თუმცა საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა.

როგორც სტრასბურგის 2018 წლის გადაწყვეტილებაში წერია, ადგილობრივმა სასამართლომ 2006 წელს გადაწყვიტა, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოთქმული ბრალდებები იყო მისი პირადი მოსაზრება, რაც გამოითქვა უმნიშნელოვანეს საკითხზე საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიისას და სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში. გარდა ამისა, ქართულმა სასამართლომ თქვა, რომ მარიამ ჯიშკარიანი საჯარო ფიგურა იყო და მის მიმართ დასაშვები იყო მსგავსი კრიტიკა. შესაბამისად, არცერთმა ინსტანციამ “ემპათიის” დირექტორის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მარიამ ჯიშკარიანი თავიდანვე მიიჩნევდა, რომ ქართულმა სახელმწიფომ ვერ დაიცვა მისი რეპუტაცია იუსტიციის მინისტრის ცილისწამებისგან. როგორც ჯიშკარიანი ამბობს, ეს იყო ცილისწამება, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი საფუძველი. 2009 წელს მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიმართა.

სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

სტრასბურგის სასამართლომ, ერთი მხრივ, გაიზიარა ქართული სასამართლოების მსჯელობა, რომლის მიხედვითაც მარიამ ჯიშკარიანს, რომელიც იყო საჯარო ფიგურა და მის ფუნქციებში შედიოდა ციხეების მონიტორინგი, რიგით მოქალაქეზე მეტად უნდა აეტანა კრიტიკა. ასევე, ეს ბრალდებები ეხებოდა აქტუალურ საკითხს – პატიმრების ყოფას ციხეებში, რაც საზოგადოებრივი განხილვის თემა იყო.

თუმცა, როგორც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, ამ დისკუსიაში მინისტრის ბრალდებებს საფუძველი არ ჰქონდა. კერძოდ, მინისტრმა ჯიშკარიანი ისე დაადანაშაულა კორუფციაში, რომ არ იყო დასრულებული ამ საქმეზე დაწყებული მოკვლევა. მინისტრს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია ჯიშკარიანის უკანონო ქმედებაზე და მის წინააღმდეგ არ იყო დაწყებული რაიმე სახის გამოძიება. ასევე, მინისტრის განცხადება “შესაძლოა შეიცავდა მცდარ ფაქტებს”.

როგორც ევროსასამართლო განმარტავს, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია არ შეიძლება ისე იყოს ინტერპრეტირებული, თითქოს პირს ავალდებულებს, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აიტანოს ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ძალიან სერიოზულ კრიმინალურ ქმედებაში დადანაშაულება ყოველგვარი ფაქტის გარეშე.

“საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ მინისტრის გამოხატვის თავისუფლების დასაცავად ადგილობრივი სასამართლოების მიერ მოხმობილმა საფუძვლებმა გადაწონა მარიამ ჯიშკარიანის რეპუტაციის დაცვის უფლება”, – წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

სწორედ ამიტომ, სტრასბურგის სასამართლომ ჯიშკარიანის მიმართ დაადგინა კონვენციის მერვე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას.

საქართველოს ჯიშკარიანისთვის დაეკისრა არამატერიალური ზიანისა (1 500 ევრო) და სასამართლო ხარჯების (1 833 ევრო) ანაზღაურება.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი”

“ემპათიის” დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება არის “უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი”.

“ჩემთვის, როგორც “ემპათიის” დირექტორისთვის, ეს იყო უმნიშვნელოვანესი საქმე, რადგან ის ეხებოდა ოფიციალური პირის მიერ განხორციელებულ პირდაპირ ზეწოლას როგორც პირადად ჩემი, ისე იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებს დოკუმენტურად აღრიცხავდა. ეს საქმე პრეცედენტულია იმითაც, რომ სტრასბურგმა დაადგინა დარღვევა სახელმწიფო მაღალჩინოსნის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით. სტრასბურგმა თქვა, რომ ეს არის უხეში ჩარევა და ეს დაუშვებელია”, – უთხრა მარიამ ჯიშკარიანმა ნეტგაზეთს.

მარიამ ჯიშკარიანი ასევე იხსენებს, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან ცილისწამების შემდეგ, პირადად ის და ორგანიზაცია “ემპათია”  წლების განმავლობაში ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ციხეებში პატიმართა ყოფის მონიტორინგს, დოკუმენტურად ადასტურებდნენ წამების არაერთ ფაქტს, პატიმრებს ეხმარებოდნენ უფლებების აღდგენაში, მათ შორის, სტრასბურგში. თუმცა ისინი “არნახული ზეწოლის” პირობებში მუშაობდნენ. როგორც მარიამ ჯიშარიანი ამბობს, სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელი მინისტრები წლების განმავლობაში იცვლებოდნენ, თუმცა წნეხი და ზეწოლა ორგანიზაციის მიმართ არ შესუსტებულა, ეს კი თითქმის 10 წელი გაგრძელდა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20 სექტემბრის გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ციხეებში პატიმართა ყოფის მონიტორინგის გამჭვირვალობას და უფრო დაცული გახადოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი