ახალი ამბები

“არ დაჩაგრო” — ხინჩეგაშვილი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

20 სექტემბერი, 2018 • 3864
“არ დაჩაგრო” — ხინჩეგაშვილი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, შეუერთდა კამპანიას ბულინგის (ჩაგვრის) წინააღმდეგ. “არ დაჩაგრო, იზრუნე” – ამ სლოგანით სოციალურ პროექტში “ძლიერები არ ძალადობენ” ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი გაერთიანდა.

19 სექტემბერს კამპანიას შეუერთდა გურამ კაშია.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გურამ კაშია, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, 10 სექტემბრიდან გახდნენ სოციალური კამპანიის, „ძლიერები არ ძალადობენ“, კეთილი ნების ელჩები.

 

კამპანიის ორგანიზატორების, PRMC-ის თქმით, სამი თვის განმავლობაში ისინი სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერკლასებზე შეხვდებიან და მოზარდებს საკუთარი წარმატების გამოცდილებას გაუზიარებენ.

“არ დაჩაგრო, იზრუნე” – ამ სლოგანით სოციალური პროექტი “ძლიერები არ ძალადობენ” ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ. პროექტი ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის განხორციელებას გულისხმობს, ფსიქოლოგების, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, მოზარდების და წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით”, – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

მათი თქმით, კამპანიის ფარგლებში, მოზარდებისთვის ჩატარდება ესეიებისა და ნახატების კონკურსი ბულინგის თემაზე, ასევე, გაიმართება სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრება და მასტერკლასი. პროექტი  “ძლიერები არ ძალადობენ” დეკემბერში სპორტული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

სოციალურ კამპანიას, ცნობილ სპორტსმენებთან ერთად, კეთილი ნების ელჩის სტატუსით უერთდებიან: “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე; “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე; ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და სხვები. სოციალურ პასუხისმგებლობას მომავალზე იზიარებს კომპანია „მაკდონალდსიც“. კამპანიის იდეის ავტორი და ორგანიზატორი კომპანია “პიარემსია”. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი