ახალი ამბები

ხორბლის გადამზიდავთა აქციის მონაწილე თავის დაწვით იმუქრება

20 სექტემბერი, 2018 • 1841
ხორბლის  გადამზიდავთა აქციის მონაწილე თავის დაწვით იმუქრება

ხორბლის გადატანაზე დაწესებული შეზღუდვის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ლილოში, მიმდებარე შენობის სახურავზე ავიდა და თავის დაწვით იმუქრება. ის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო ბრიგადები.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” აქციის სხვა მონაწილეებმა მიაწოდეს. თემურ ნადირაძის თქმით, მან დაინახა, რომ სახურავზე ასულ კაცს ხელებიდან სისხლი სდის, თუმცა მისთვის უცნობია სისხლდენის გამომწვევი მიზეზი.

როგორც “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით კუტიბაშვლმა უთხრა, პირს, რომელიც თავის დაწვით იმუქრება, ისევე როგორც აქციის მონაწილეთა უმეტესობას, სატვირთო ავტოობილები ბანკის კრედიტით აქვთ შეძენილი.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ფინანსთა მინისტრის ბრძანება ხორბლისა და ფქვილის ავტოტრანსპორტით გადატანის აკრძალვის შესახებ მათ სამსახურის გარეშე ტოვებს, შესაბამისად, ამ კრედიტების დაფარვას ვერ მოახერხებენ და ბინებსა და ავტომანქანებს დაკარგავენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მინისტრის ბრძანება არ გაუქმდება. ისინი ავტომაგისტრალების გადაკეტვითაც იმუქრებიან.

სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრს გუშინ, 19 სექტემბერს შეხვდნენ, თუმცა მინისტრის შეთავაზება, 2019 წლის პირველ იანვრამდე გადავადებულიყო ბრძანების ამოქმედება, მძღოლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი ბრძანების დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვენ. ამ ბრძანების მიხედვით, საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით სხვა ქვეყნიდან ხორბლის შემოტანა იკრძალება. ამის მიზეზად სამინისტრო ასახელებს ლარსის საბაჟოზე შექმნილი საცობების გამო საქართველოსკენ მომავალი ტურისტების უკან გაბრუნებასა და, შესაბამისად, პოტენციური შემოსავლების დაკარგვას.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/158648/

მასალების გადაბეჭდვის წესი