ახალი ამბები

ტყუილია, რომ ბაგრატის ტაძრის ისტორიულ ნაწილში ირანის მოქალაქე სასტუმროს აშენებს

20 სექტემბერი, 2018 • 10794
ტყუილია, რომ ბაგრატის ტაძრის ისტორიულ ნაწილში ირანის მოქალაქე სასტუმროს აშენებს

არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ისტორიულ ნაწილში მდებარე ნანგრევები ხელისუფლებამ ირანელ ინვესტორზე გაყიდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ საგანგებო გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქუთაისის IV-V საუკუნეების ნაქალაქარის მიმდებარედ კულტურის მინისტრის მიერ ისტორიული აბანოს ტერიტორიის გაყიდულ მიწებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და მიზნად ფართო საზოგადოებრივ აჟიოიტაჟსა და პროვოკაციას ისახავს“.

19 სექტემბერს ფეისბუქზე „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „გაყიდულია ბაგრატის ტაძრის შეუსწავლელი ციტადელი“.  იგივე ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე მედიასაშუალებამაც. ამბავი ისტორიული ტერიტორიის გაყიდვაზე სხვადასხვა ფეისბუქ გვერდებმა გააზიარა. ერთ-ერთ ასეთ გვერდზე ტყუილ ინფორმაციას 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს.  აღშფოთებული მოქალაქეები ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, „გამოქვეყნებული განცხადება სრულად აცდენილია ობიექტურ რეალობას და მკითხველს მცდარ მონაცემებს აწვდის“.

საუბარია ბაგრატის საკათედრო ტაძრის გალავნიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 100 მეტრის დაშორებით მდებარე ისტორიული აბანოს კომპლექსზე. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია მეოცე საუკუნის 80-იან წლებში არქეოლოგებმა გამოიკვლიეს (კომპლექსი მოიცავდა: აბანოს, შეშის საწყობს, მოსასვენებელ სახლსა და წყლის მოცულობით რეზერვუარს). ტერიტორიაზე იმ დროისთვის 40-მდე ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც ქუთაისის იმდროინდელი აღმასკომის დადგენილებით სამოსახლო მიწების გარკვეული ფართობი ჩამოერთვათ და სახელმწიფოს გადაეცა.

ისტორიული აბანოს კომპლექსი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ისტორიული აბანოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი 2008 წელს გაასხვისეს. რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა, რომ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ქუთაისის ისტორიულ უბანში ორი მესაკუთრე ჰყავს – კობა მანგოშვილი და მიტროფანე რუხაძე.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, მიმართა თუ არა ვინმემ ქუთაისის მერიას ისტორიული აბანოს კომპლექსის ტერიტორიაზე რაიმე ტიპის მშენებლობის ნებართვაზე.

„ეს ტერიტორია ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთია. ჩვენგან არანაირი ნებართვა არაა გაცემული. არც განაცხადი ყოფილა და არც გაცემულა. განაცხადი რომც იყოს, ჩვენ გვაქვს მეთერთმეტე საუკუნის ბაგრატის ციხე-გალავნის საზღვრების რუკა, თავისთავად ეგ ნაწილიც შედის იმ საზღვრებში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი  ადგილებია და მასეთ ადგილებში ნებართვის მოთხოვნა მკაცრად კონტროლდება“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ჩხიკვაძემ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „ისტორიულ აბანოს, როგორც უქიმერიონის ციხის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს, კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მას კანონი იცავს. ამასთან ერთად, მიწის აღნიშნული ფართობი მდებარეობს ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ბაგრატის საკათედრო ტაძრის 500-მეტრიანი დაცვითი ზონის არეალში, რომელზეც ნებისმიერი შეუთანხმებელი ფიზიკური ჩარევა დასჯად ქმედებად ითვლება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი