მიგრაციის აღმოსაფხვრელად ტრამპმა ესპანეთს საჰარის გარშემო კედლის აშენება შესთავაზა

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთის მთავრობას საიმიგრაციო კრიზისის მოსაგვარებლად საჰარის უდაბნოს გარშემო კედლის აშენება შესთავაზა. ამის შესახებ The Guardian ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯოზეფ ბორელზე დაყრდნობით იუწყება.

ბორელის თქმით, ტრამპის ამ განცხადებას ესპანელი დიპლომატები სკეპტიკურად შეხვდნენ და აღნიშნეს, რომ საჰარა 3 000 მილზეა გადაჭიმული. აღნიშნულზე პრეზიდენტმა მიუგო: “საჰარის საზღვარი ჩვენსა და მექსიკას შორის არსებულ საზღვარზე დიდი ვერ იქნება”.

სავარაუდოდ, ტრამპმა აღნიშნულის შესახებ ესპანეთის მეფე ფილიპესა და დედოფალ ლეტიციას თეთრ სახლში მიღების დროს, ივნისში ისაუბრა.

ფოზეფ ბორელმა ტრამპის იდეა საზოგადოებას აუწყა მადრიდში, ერთ–ერთ ღონისძიებაზე. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ბორელის სიტყვები დაადასტურა, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

ესპანეთი აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში მხოლოდ ორ პატარა ანკლავს ფლობს. ტრამპის შეთავაზების სისრულეში მოსაყვანად მადრიდს კედლის აშენება თავის საზღვრებს გარეთ, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზეც მოუწევს.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას ერთ–ერთი წამყვანი საკითხი სწორედ კედლის მშენებლობა იყო, ოღონდ აშშ–მექსიკის საზღვარზე, ასევე მიგრაციის შესაჩერებლად. მაშინ ტრამპი აცხადებდა, რომ ადგილზე “დიდი, ლამაზი კედელი” აშენდებოდა, რომლის სიგრძე 2 000 მილი იქნებოდა.

ესპანეთში მხოლოდ წელს ზღვით 33600 მიგრანტი ჩავიდა, 1723 ადამიანი კი აღნიშნულის მცდელობისას დაიღუპა. კრიზისის გამო ქვეყანაში მოქმედი მემარჯვენე პარტიები მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრი ბორელი მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპას ადანაშაულებს “სირაქლემის პოზის” დაკავებაში.

“ვსაუბრობთ 20000 მიგრანტზე ქვეყანაში, 40 მილიონი მოსახლით. ეს მასობრივი მიგრაცია არ არის”, – აღნიშნა მან ივლისში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან