ილია მეორე სასულიერო პირებს პოლიტიკური განცხადებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე სასულიერო პირებს პოლიტიკოსების არაკორექტულად მოხსენიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მიმართვა საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.

“სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი მღვდელმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს, და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს… შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ილია მეორის მიმართვას წინ უძღოდა 18 სექტემბერს ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ქადაგება, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე ისაუბრა. მისი თქმით, XVIII-XIX საუკუნეებში ფრანგი მისიონერები მოტყუებით ქადაგებდნენ კათოლიციზმს; მისივე განცხადებით, საქართველოში კათოლიკე მოსახლეობას მათი თანამედროვეები “გაუკუღმართებულ და წამხდარი აზროვნების მქონედ” მიიჩნევდნენ და “დაფრანგულებს” უწოდებდნენ .  ამავე ტერმინით სასულიერო პირმა ზურაბიშვილი მოიხსენია.

“…დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, ღმერთი არ დაუშვებს, ღმერთი გაუწყრეს ქართველ მოსახლეობას, ქართველ ამომრჩეველს და ქართველ ერს, რომ გააკეთოს არასწორი არჩევანი”, – თქვა მან.

სასულიერო პირის ეს განცხადება პლატფორმამ “არა ფობიას!” კათოლიკე ეკლესიის მიმართ დისკრიმინაციულად შეაფასა.

“არა ფობიას!” სალომე ზურაბიშვილზე მეუფე პეტრეს განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან