ახალი ამბები

მინისტრთან ავტორიზაციის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე IBSU არ მიიწვიეს – IBSU

19 სექტემბერი, 2018 • 1403
მინისტრთან ავტორიზაციის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე IBSU არ მიიწვიეს – IBSU

განათლების მინისტრთან 18 სექტემბრის შეხვედრაზე, სადაც ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებს განიხილავდნენ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) მიწვეული არ ყოფილა. სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა იმსჯელა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან არსებულ გამოწვევებზე, ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების დახვეწაზე.

ნეტგაზეთს განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ მინისტრმა ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირს დაავალა, მიეწვია საქართველოში მოქმედი ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორები.

“მათი მოწვევის საკითხი დავალებული ჰქონდა უმაღლესი განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, თუმცა, საბოლოოდ, მინისტრთან შეხვედრას რამდენიმე რექტორი არ ესწრებოდა. თუ რა გახდა ამის მიზეზი, აღნიშნულ საკითხს სამინისტრო დაადგენს”, – აცხადებენ სამინისტროში.

კითხვაზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (IBSU) ერთად კიდევ რომელი უმაღლესი სასწავლებლების რექტორები არ ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, განათლების სამინისტროში არ გვიპასუხეს.

IBSU-ში არ სჯერათ სამინისტროს არგუმენტის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელ პირს, შესაძლოა, გამორჩა მათი უნივერსიტეტი. მათი განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას დღემდე აპროტესტებენ, მინისტრს მათი არგუმენტები არ მოუსმენიათ.


ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.

26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU-ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავს იკავებენ საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრისგან, თუმცა IBSU-ს მხარდამჭერთა ნაწილი აღნიშნულ ეჭვს არ მალავს. პოლიტოლოგ გია ნოდიას მიაჩნია, რომ პროცესში საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. საბჭოს ხისტი გადაწყვეტილება, პოლიტოლოგს ეჭვს უმყარებს, რომ მოვლენები, შესაძლოა, დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება იყოს, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი