ახალი ამბები

არაუმეტეს 40-საათიანი სამუშაო კვირის მოთხოვნით, კანცელარიასთან აქცია გაიმართება

19 სექტემბერი, 2018 • 1396
არაუმეტეს 40-საათიანი სამუშაო კვირის მოთხოვნით, კანცელარიასთან აქცია გაიმართება

არაუმეტეს 40-საათიანი სამუშაო კვირის მოთხოვნით დღეს, 19 სექტემბერს, მთარვობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი “სოლიდარობის ქსელია”.

როგორც “სოცლიდარობის ქსელში” აცხადებენ,  საუკუნეზე დიდი ხანია დადგენილია, რომ 40 საათი საკმარისი სამუშაო დროა საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენისთვის, ხოლო იშვიათი საჭიროებების შემთხვევაში ზეგანაკვეთური შრომა აუცილებელი სამუშაოა, რომელიც ყოველ ჯერზე დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა შესრულდეს:

“საქართველომაც შრომის კოდექსში ჩადო ამის შესახებ მუხლი, თუმცა გამოტოვა უმეტესი ბიზნესი, რომლებსაც შეუძლიათ კანონიერი ხრიკი გამოიყენონ, სახელად – ‘სპეციფიური კატეგორია’ (48-საათიანი სამუშაო კვირა, როგორც ნორმა), რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველკვირა 8 ნამუშევარი საათისთვის განკუთვნილ ხელფასს გაკლებენ. ამას ჩვენ მოპარულ ხელფასს ვუწოდებთ”, – ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

“სოლიდარობის ქსელში” განმარტავენ, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ტარიფს.

აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, შესრულდეს კანონის მოთხოვნები, კერძოდ, სამუშაო კვირა შეადგენდეს 40 საათს და ყოველ ჯერზე შეთანხმდეს დასაქმებულთან დამატებით დროში სამუშაოს შესრულება (ზეგანაკვეთური შრომა).

ამასთან, ითხოვენ შრომის კოდექსის დახვეწას და მასში რამდენიმე ჩანაწერის დამატებას:

  • დაიწყოს ზეგანაკვეთური სამუშაოს მუდმივი აღრიცხვა;
  • მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ტარიფის განსაზღვრა და ის შეადგენდეს 1.5 -ს;
  • გაუქმდეს სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ნუსხა;

აქცია 19:00 საათზე თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი