“არ დაჩაგრო” – კაშია ბულინგის წინააღმდეგ [ვიდეო]

გურამ კაშია ბულინგის საწინააღმდეგო პროექტში “ძლიერები არ ძალადობენ” მონაწილეობს. “არ დაჩაგრო, იზრუნე” – ამ სლოგანით სოციალურ პროექტში “ძლიერები არ ძალადობენ” ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო კაშიასთან ერთად კიდევ რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი გაერთიანდა.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გურამ კაშია, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი 10 სექტემბრიდან სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩები გახდნენ.

სამი თვის განმავლობაში ისინი სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერკლასებზე შეხვდებიან და მოზარდებს საკუთარი წარმატების გამოცდილებას გაუზიარებენ.

“არ დაჩაგრო, იზრუნე” – ამ სლოგანით სოციალური პროექტი “ძლიერები არ ძალადობენ” ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ. პროექტი ბულინგის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის განხორციელებას გულისხმობს, ფსიქოლოგების, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების, მოზარდების და წარმატებული სპორტსმენების მონაწილეობით,” – ამბობენ პროექტის ორგანიზატორები.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, კამპანიის ფარგლებში, მოზარდებისთვის ჩატარდება ესეიებისა და ნახატების კონკურსი ბულინგის თემაზე, ასევე, გაიმართება სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრება და მასტერკლასი. პროექტი  “ძლიერები არ ძალადობენ” დეკემბერში სპორტული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

სოციალურ კამპანიას, ცნობილ სპორტსმენებთან ერთად, კეთილი ნების ელჩის სტატუსით უერთდებიან: “ჯინო ჰოლდინგის” დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე; “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე; ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და სხვები. სოციალურ პასუხისმგებლობას მომავალზე იზიარებს კომპანია „მაკდონალდსიც“. კამპანიის იდეის ავტორი და ორგანიზატორი კომპანია “პიარემსია”. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან