“მეუფეების განცხადებები როგორ შევაფასო, თავს არ მივცემ ამის უფლებას” – ზურაბიშვილი

„მეუფეების განცხადებები როგორ უნდა შევაფასო? – ჩემს თავს არ მივცემ ამის უფლებას“, -ამბობს სალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ნაწილის მხრიდან მის კრიტიკასთან დაკავშირებით.

მათ შორის, ვინც სალომე ზურაბიშვილი საჯაროდ გააკრიტიკა, ჭყონდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი იყვნენ.

მიტროპოლიტ პეტრეს შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბოროტებაა:

„ქართველ ერს არასოდეს დაპყრობითი ომი არ უწარმოებია, ყველა ბრძოლა- ეს იყო დიდი წარმატება, დიდგორი-ბასიანი და სხვა, თუ მარცხი, ყოველთვის ყველა ომი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიის გარეთ არასოდეს ყოფილა არცერთი ომი.  შესაბამისად, ძალიან დიდი ბოროტებაა იმის თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ან უმეცრება საქართველოს ეკლესიისა და  ისტორიისა, ან არის ეს შეგნებული ბოროტება

მიმაჩნია და ვფიქრობ, და მინდა ვირწმუნო, როგორც თვით საფრანგეთში კრემლის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო ქალბატონს არ დაუჭირა ფრანგმა ხალხმა მხარი და უთხრა მას უარი, ასევე ქართველი ერიც იტყვის უარს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ ბოროტებაზე“,- განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ “რუსთავი 2-სთვის” მიცემულ ინტერვიუში.

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა კი ზურაბიშვილს კანაფის დედოფალი უწოდა:

“სად აქვს ქალბატონ სალომეს იმდენი ავტორიტეტი, რომ მის სიტყვას უსმინონ. შეხვედრებზე, სადაც დადის, ძირითადად მასწავლებლები მიჰყავთ… მე კარგად ვიცი ეს პიარ ტექნოლოგიები. თუ იმას ამბობს, რომ კანაფის საკითხს ჩაუდგება, კანაფის დედოფალი შეიძლება გახდეს. არ ვიცი, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება”, – უთხრა “რუსთავი 2” – ს მეუფე იაკობმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქორეპისკოპოსი იაკობი ჟურნალისტმა შეიყვანა შეცდომაში კითხვის დასმის დროს და მას სინმადვილეში არ უთქვამს ის, რაც ჟურნალისტმა მას მიაწერა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.