პრემიერის ინიციატივა: კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა

“გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი ხორვატია ევროკავშირში შესვლის წინ”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრის დროს გააკეთა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით ოჯახი ისედაც განიხილება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა. ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას; ის საზოგადოების არც ერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს. კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ირაკლი ღარიბაშილის განმარტებით, ოჯახის დეფინიციის კონსტიტუციით გამყარების ინიციატივა განხილული და მოწონებულია კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ.


“ეს არის ჩვენი ერის უფლება, მოახდინოს აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრება იყოს კონსტიტუციურად გამყარებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილს სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა არა ოჯახის, არამედ ქორწინებაზე არსებული ჩანაწერი კონსტიტუციაში, რადგან კონსტიტუცაში ოჯახი საერთოდ არაა განმარტებული, ხოლო ქორწინების ასეთი დეფინიციაა: ” ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას” 

მსგავსი ინიციატივა ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”, ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ მოთხოვნის ხელმოწერებს აგროვებდნენ.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მიმართა საკონსტიტუციო კომისიას განიხილოს ეს წინადადება.

 

პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე. პრემიერის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლის თანახმადაც განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ.

 

„სახელმწიფოს ვალია, დაიცვას თითოეული მოქალაქე, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყოს იგი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონი კრძალავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ასაკოვანი ადამიანების გარიყვას დანარჩენი საზოგადოებისგან და მიზნად ისახავს მათ ისეთსავე ჩართულობას ქვეყნის მშენებლობის პროცესში, როგორც ამას საზოგადოების ნებისმიერი სხვა ჯგუფი აკეთებს.

 

„ამით ჩვენ ვქმნით მოქნილ მექანიზმს იმისათვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლმა თავისი სატკივარი მიიტანოს სახალხო დამცველამდე, რომელსაც ევალება საფუძვლიანად შეისწავლოს საჩივარი და დახმარება აღმოუჩინოს იმას, ვისი უფლებებიც დაირღვა. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება არის ნაწილი იმ რეფორმებისა, რომლებსაც ჩვენი მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით ატარებს. ეს ფაქტი არის კიდევ წინგადადგმული ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის პროცესში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ საქართველომ დღეს თუ ხვალ, ერთ თუ ორ წელიწადში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი დაამყაროს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. საზოგადოებას ჯერჯერობით ხელი არ მიუწვდება კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე, თუმცა სამუშაო ვერსია არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და მედიისთვის გასული წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. 


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანი ბერუკაშვილი