ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც  ავტორიზაციის ვადა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილს 2020 წლამდე უხანგრძლივდება. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება მხოლოდ იმ უმაღლეს სასწავლებლებს შეეხებათ, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018 – 2019 წლებში გასდით.

ავტორების განმარტებით, ცვლილების მიზანია, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული დრო მიეცეთ იმ უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში გასდით ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა. 2017 წელს ავტორიზაცია ერთი წლით გახანგრძლივდა და ახლა 5 წლის ნაცვლად 6 წელია. კანონპროექტის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, პარლამენტის წევრები- გენადი მარგველაშვილი, გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე.

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს. დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდნენ ევროპული საქართველოს ლიდერები- სერგი კაპანაძე და სერგო რატიანი.

სერგი კაპანაძის თქმით, იმის გამო, რომ ამ კანონპროექტით კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლები ისარგებლებენ, კორუფციის სერიოზულ რისკებს აჩენს. სხდომაზე ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა “ქართული ოცნების” წევრი ნუკრი ქანთარია, თუმცა მხარი მაინც დაუჭირა პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას.

“რამდენიმე უნივერსიტეტში ექსპერტთა ვიზიტი უკვე განხორციელდა. დასკვნა, სავარაუდოდ, ან მზად არის, ან მომზადების პროცესშია.  ავტორიზაციას მათაც უვადებთ?! ანუ ვისი საკითხიც ავტორიზაციის საბჭოს არ განუხილავს, მათაც შეეხებათ ეს ცვლილება?! თუ იმათაც გადაუვადდებათ ავტორიზაციის ვადა, მაშინ ეს კატასტროფა იქნება. ექსპერტთა დასკვნით აღმოჩნდება, რომ რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციისთვის მზად არ არის, მაგრამ მათთვის კანონი იცვლება. ეს პირდაპირი ნეპოტიზმია”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სამინისტროს წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის ვადა იმ უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხებათ, სადაც ექსპერტების ვიზიტი უკვე განხორციელდა, ასევე, იმ დაწესებულებებსაც, რომლებიც ექსპერტებმა წლის ბოლომდე უნდა შეამოწმონ.

კანონის მიხედვით, იმ უმაღლესი დაწესებულებებისთვის, რომლებიც ავტორიზაციის მიღებაზე განაცხადს გააკეთებენ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ექსპერტთა ჯგუფს ქმნის. ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებენ დასკვნას უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნის საფუძველზე ავტორიზაციის საბჭოს 17 წევრი იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე.

კანონპროექტის მიღებას უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილიც ეწინააღმდეგება. მათი განცხადებით, დაუშვებელია ამ ცვლილებების მიღება, რადგან ინიცირებული კანონპროექტი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას ექსპერტები ეწინააღმდეგებიან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.