5 გრამი გამომშრალი მარიხუანის ფლობისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით – კანონპროექტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, რომელიც მიზნად ისახავს მარიხუანის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას, კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა კვლავ ადმინისტრაციული წესით დაისჯება.

სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ქართული კანონმდებლობით, მცირე ოდენობად მიიჩნევა 5 გრამი გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ნედლი – 10 გრამი.

კანონპროექტით, მარიხუანის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის), – გამოიწვევს დაჯირიმებას 500 ლარიდან 1 000 ლარამდე ოდენობით.

ქმედების განმეროების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 1 000-დან 1 500 ლარამდე იზრდება.

კანონპროექტით, მარიხუანის მოხმარება ლეგალურია მხოლოდ პირად სივრცეში. გამონაკლისს წარმოადგენს 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანის მოხმარება. 21 წელს მიუღწეველთა მიერ კანაფის მოწევა ადმინისტრაციული წესით დაისჯება. კანონპროექტით, ჯარიმის ოდენობად 500 ლარიდან 1 000 ლარამდეა განსაზღვრული.

კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე სამხედრო ნაწილში ყოფნისას და 18 წლამდე პირთათვის განკუთვნილი ადგილებიდან 150 მეტრის რადიუსზე ახლოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.