ახალი ამბები

NGO-ები სახელმწიფოს დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გაზიარებისკენ მოუწოდებენ

18 სექტემბერი, 2018 • 1678
NGO-ები სახელმწიფოს დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გაზიარებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტსა და შესაბამის ორგანოებს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გაზიარებისკენ მოუწოდებენ.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს როგორც ამ საქმის გამოძიების სათანადოდ წარმართვას, ასევე, მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი უმრავლესობის ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტება უპრეცედენტო შემთხვევა იყო. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში უმცირესობის ინიციატივით არცერთი კომისია არ შექმნილა.

“შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება კომისიის რეკომენდაციების შესრულების ჭრილში მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ზიანი არ მიადგეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის იდეას და მის საქმიანობას – როგორც მნიშვნელოვან  საპარლამენტო კონტროლის მექანიზმს.

ჩვენ ასევე გვესმის, რომ პოლიტიკურ ორგანოში შექმნილი და პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისია და მისი საქმიანობა, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი დასკვნა, ვერ იქნება სრულად დაცლილი პოლიტიკური განწყობებისგან. თუმცა, ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მთლიანობაში პასუხობს კომისიის დასახულ მიზანს და მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს”, – წერია განცხადებაში.

NGO-ების თქმით, კომისიის საქმიანობის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა სამართალდამცავ სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები, დანაშაულის ობიექტური და ხარისხიანი გამოძიების მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები, რომლებიც დაუყოვნებლივი და ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.

“ამდენად, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები შსს-სა და პროკურატურის სისტემის საფუძვლიანი რეფორმისთვის. ასევე აუცილებელია, შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები იყოს გამოყენებული იმ პირების მიმართ, რომლებიც რაიმე ფორმით, განზრახ თუ გაუფრთხილებლობით,  ხელს უშლიდნენ ან აფერხებდნენ უმძიმეს დანაშაულზე მართლმსაჯულების აღსრულებას და ვის ქმედებებშიც შესაძლოა გადაცდომები ან დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს.”

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნამ, რომელიც საერთო ჯამში 32 რეკომენდაციას შეიცავს, კიდევ ერთხელ აჩვენა ამ საქმის გამოძიების არაერთი ხარვეზი, რომელთა სიმრავლე და სიმძიმე ეჭვქვეშ აყენებს საგამოძიებო ორგანოების ობიექტურობას.

“ეჭვებს აძლიერებს ორი ფაქტორი: ერთი მხრივ, თვალშისაცემია საგამოძიებო მოქმედებათა ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით/არასრულად ჩატარება იმ მიმართულებებით,  რაც გამოძიების მხრიდან  ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ-ს როლის გამოკვეთას ეხებოდა.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მ.კ-ს ბიძის, პროკურატურის მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ფაქტორი, რაც საქმეში არსებულ არაერთეულ და ზედაპირულ, არამედ ძირეულ ხარვეზებთან ერთად, ქმნის გამოძიების ტენდენციურობის განცდას. სწორედ ეს გარემოებები იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საგამოძიებო უწყებების მიმართ სერიოზული უნდობლობის მიზეზი, რასაც შედეგად ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა”,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთანავე, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა მრავალი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოძიების პროცესში. კერძოდ, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ გამოძიების მასალებით პროკურატურას უნდა სცოდნოდა, რომ მ.კ-ს ჩხუბის დროს შესაძლოა ჰქონოდა იარაღის მსგავსი საგანი, მოწმეებისგან შეეძლო მიეღო ინფორმაცია, რომ მ.კ-მ ჩხუბის დაწყებისას ხელი ჯიბეში ჩაიყო. შეეძლო დაედგინა მ.კ-ს ტანსაცმელზე სარალიძის სისხლის კვალის არსებობის საკითხი. შეეძლო გამოეკვეთა დანაშაულის მოტივი.

“თუმცა სამართალდამცავებმა სათანადოდ არ შეისწავლეს გამოძიების ფარგლებში ამოღებული ვიდეომასალა. მოწმეებს არ დაუსვეს შესაბამისი კითხვები. რიგ შემთხვევაში, როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, პროკურორმა მოწმეს მიუთითა, რომ მისი ინფორმაცია –  მ.კ-მ ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელი ჩაიყო – არ იყო მნიშვნელოვანი და დაიყოლია, არ მიეწოდებინა ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის. სამართალდამცავებს არ ამოუღიათ მ.კ-ს სავარაუდოდ სისხლიანი ტანსაცმელი და არ ჩაუტარებიათ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩხუბის მთავარი ფიგურანტების, მათ შორის, მ.კ-ს მიმართ.

არ დაუკითხავთ გამოძიებისთვის ცნობილი ყველა მოწმე, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას მ.კ-ს შესახებ და სხვა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ საქმეზე ჩატარებული გამოძიების ხელწერა და გამოძიების პროცესის ხარვეზების ტენდენციურობა კონკრეტული მიმართულებით, პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ  ეს ინდივიდუალური გამომძიებლების დონეზე დაშვებულ, პროცეუდურულად უმნიშვნელო შეცდომებს წარმოადგენდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პრობლემურია ქვეყანაში გამოძიების ხარისხი, ამ საქმეში ზემოთ ხსენებული ფაქტორების ერთობლივი არსებობა ამ შემთხვევის სპეციფიკურობაზე მიუთითებს”, – წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები საფუძვლიანად და არგუმენტირებულად მიიჩნევენ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს და შესაბამის ორგანოებს:

  • საკუთარი როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით, გაიზიარონ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ამ საქმის გამოძიების სათანადოდ წარმართვას, ასევე, მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში;.
  • გაატარონ საკანონმდებლო ცვლილებები საგამოძიებო და სამართალდამცავ სისტემაში, გამოძიების ხარისხის და ობიექტურობის გაზრდის მიზნით. ასევე, გადადგან ნაბიჯები სასკოლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტების პრევენციის მიზნით, რაც რეკომენდებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საქმის გამოძიებასთან ნებისმიერი ფორმით კავშირში მყოფი პირების  ქმედებებში დანაშაულის ნიშნების შესასწავლად და დადგინდეს გამოძიების ტენდენციურობის მიზეზები და პასუხისმგებელი პირები (აღნიშნულის აუცილებლობაზე საუბრობს აგრეთვე სახალხო დამცველი).

სხვა შემთხვევაში, პასუხისმგებელ უწყებათა უმოქმედობა და აღნიშნული კომისიის მიგნებების და რეკომენდაციების მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიის საგნად ქცევა გვაფიქრებინებს, რომ  პარლამენტის 95 წევრის მხარდაჭერილი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ემსახურებოდა მოკლულის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტით საზოგადოებაში გაჩენილი მუხტის ჩაქრობას და არ იყო ორიენტირებული რეალურ შედეგზე.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  2. თანასწორობის მოძრაობა
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  4. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  6. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  7. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  8. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  9. საზოგადოება და ბანკები
  10. მედიის განვითარების ფონდი
  11. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  12. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

მასალების გადაბეჭდვის წესი