ახალი ამბები

უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას ექსპერტები ეწინააღმდეგებიან

18 სექტემბერი, 2018 • 2933
უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებას ექსპერტები ეწინააღმდეგებიან

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ დაუშვებელია პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიღება, რომლითაც  ავტორიზაციის ვადა 2020 წლამდე უხანგრძლივდება უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილს.

გუშინ, 17 სექტემბერს, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლითაც იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებსაც ავტორიზაცია 2018 – 2019 წლებში გასდით, ავტორიზაციის ვადა 2020 წლამდე გაუგრძელდებათ. 

კანონპროექტის, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, ერთ – ერთი ავტორია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. კანონპროექტის მიღების მიზანია, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული დრო მიეცეთ იმ უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში გასდით ავტორიზაციის 6-წლიანი ვადა. მარიამ ჯაშთან ერთად კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გენადი მარგველაშვილი, გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე. 

განცხადებაზე ხელმომწერ განათლების რეფორმის ექსპერტების შეფასებით, ამ ცვლილებით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები არათანაბარ მდგომარეობაში იქნებიან. გასულ წელს ავტორიზაციის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და ის ახლა 5 წლის ნაცვლად 6 წელია. უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების ინფორმაციით, ვადის გახანგრძლივების მიზანი სწორედ ის იყო, რომ  უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი სტანდარტების დასანერგად საკმარისი დრო ჰქონოდათ. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ ჯაშის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის დასაბუთება უსაფუძვლოა ისედაც გახანგძლივებული ვადის პირობებში.

“12-მა უმაღლესმა წელს წარმატებით გაიარა ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში სწორედ ახლა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რაც ამ ეტაპზე არის არათანმიმდევრული, აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უსდ-ების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება “, – წერია განცხადებაში.

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების მტკიცებით, დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუშლის უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესს, რომლის მექანიზმი გახლავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება საერთაშორისო ორგანიზაცია ENQA – ში (ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია).

“ENQA-ში გაწევრიანების მიზნით წარდგენილია ოფიციალური განაცხადი და ყველა დოკუმენტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  ENQA–ს მიერ შექმნილი და დამტკიცებულია ექსპერტთა ჯგუფი, რომლის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილია 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე. დაგეგმილი ცვლილებები რისკის ქვეშ აყენებს ამ პროცესის წარმატებულ გავლას. ENQA-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისათვის”, – წერია განცხადებაში.

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები პარლამენტის თავმჯდომარესა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თხოვნით მიმართავენ, არ დაუშვან ამ ცვლილებების მიღება. განცხადებაზე ხელს აწერს 8 ექსპერტი.

ლალი ბაქრაძე
თამარ ბრეგვაძე
ირმა გრძელიძე
ირინე დარჩია
აბდულ კახიძე
მარინა ქარჩავა
ქეთი ცოტნიაშვილი

ლიკა ღლონტი

ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. ამ ეტაპზე 10 უმაღლესი სასწავლებელია, რომლებშიც ექსპერტთა ვიზიტი უკვე განხორციელდა და დასკვნებზე მუშაობა მიმდინარეობს. 6 უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებაში კი ავტორიზაციის ექსპერტების ვიზიტი 2018 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს. 2018 წელს 12-მა უმაღლესმა სასწავლებელმა უკვე გაიარა ავტორიზაცია. რაც ნიშნავს იმას, რომ აქ განხორციელდა ექსპერტების ვიზიტი და მათი დასკვნის საფუძველზე ავტორიზაციის საბჭომ 6 წლით მისცა ავტორიზაცია. ამ სასწავლებლებმა ასევე გადაიხადეს ავტორიზაციის მოსაკრებელი და ყველა ის პროცედურა, რაც ავტორიზაციის მიღების პროცესს თან ახლავს

მასალების გადაბეჭდვის წესი