ახალი ამბები

თბილისში პარკინგი გაძვირდება – მერია საათობრივ-ზონალური პარკირების შემოღებას გეგმავს

18 სექტემბერი, 2018 • 10475
თბილისში პარკინგი გაძვირდება – მერია საათობრივ-ზონალური პარკირების შემოღებას გეგმავს

თბილისის მერია დედაქალაქში საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემის დანერგვას აპირებს. როგორც ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ “საქმის კურსის” ეთერში განმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით მერია ჯერჯერობით მუშაობს, თუმცა ამ სისტემის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა გულისხმობს, რომ გადასახადი ადგილისა და დროის მიხედვით განსხვავებული იქნება. ხმალაძის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დაუჯდებათ მოქალაქეებს ამ სერვისით სარგებლობა. თუმცა, მისივე განმარტებით, შესაძლოა, ფასი კომერციულ საფასურთან ახლოს იყოს.

შეიძლება აღებული იყოს კომერციული პარკინგები, როგორც მაქსიმალური ზღვარი. კომერციული პარკინგებში- როგორც ზედა, ასევე მიწისქვეშა- არსებობს საათობრივი გადასახადი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალურ წლიურ გადასახადს, თუ გადავიყვანთ ერთი საათის ღირებულებაში. შესაძლებელია, დაახლოებით ამ საგადასახადო ზღვარში იმსჯელოს საკრებულომ”, – ამბობს ვიცემერი.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სისტემა ქალაქში ჩამოყალიბდება, მერია შეღავათიან ტარიფებს არ განიხილავს. 

“ეს არის გათვლილი იმაზე, რომ გაჩნდეს მეტი სტიმული, ნაკლებმა მანქანამ იმოძრაოს”, – დასძენს ხმალაძე.

მისივე თქმით, შემოსული თანხებით ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაფინანსდება, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისას ხმალაძემ განმარტა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენი არეალი გამოიყოფა და წესრიგის შესანარჩუნებლად რა ზომების მიღება გახდება საჭირო.

“საპარკინგე პრობლემის მოგვარება არ არის მხოლოდ დამატებითი ადგილების გაჩენა. დღეს ქალაქს სჭრიდება, რომ მანქენებმა ნაკლებად დააბინძუროს ჰაერი. ჩვენი პოლიტიკაა წავახალისოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა”, – განაცხადა ხმალაძემ.

პარკირების ახალ, შესაძლო რეგულაციების შესახებ დღეს, 18 სექტემბერს, თბილისის მთავრობის სხდომაზეც ისაუბრეს. კახა კალაძის განმარტებით, თბილისის მერია აპირებს, პარკირებისთვის განკუთვნილი ჯარიმების ოდენობა გაზარდოს.

გადაწყვეტილება კალაძემ იმით დაასაბუთა, რომ თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მუნიციპალური პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილებს რიგი ეკონომიკური საქმიანობისთვის იყენებენ. თუმცა იმის გამო, რომ პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა მცირეა, აღნიშნული პირები თავიანთ საქმიანობას შეუზღუდავად აგრძელებენ და ხელს უშლიან მოქალაქეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი