ახალი ამბები

შსს ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმაზე: მონაწილეთა დაკითხვა მიმდინარეობს

17 სექტემბერი, 2018 • 2096
შსს ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმაზე: მონაწილეთა დაკითხვა მიმდინარეობს

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ლიბერალის რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე, თავდასხმის საქმეზე მიმდინარეობს “ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, მათ შორის იდენტიფიცირებული პირების, რომლებიც ამ თავდასხმას შეესწრნენ ან მასში მონაწილეობდნენ”.

გამოძიება მიმდინარეობს 126-ე, ძალადობის, მუხლით მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმდებები, დანიშნულია ექსპერტიზები”, აცხადებენ შსს-ში.

17 სექტემბერს ლიბერალმა დაწერა, რომ დღის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ არავინ ჰყავდათ დაკითხული ან დაკავებული

ლიბერალის” რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს შაბათს, 15 სექტემბერს, საღამოს 9-ის ნახევრისთვის თავს ჯგუფურად დაესხნენ.

“ლიბერალის” ცნობით, თავდამსხმელებმა ვარდიაშვილს თავი მოაჩვენეს, თითქოს მისი კუთვნილი ავტომანქანის ყიდვით იყვნენ დაინტერესებული და ასე შეუთანხმდნენ შეხვედრაზე.

ვარდიაშვილი ვარკეთილში, ავტოსახელოსნოსთან ელოდებოდა მანქანის მყიდველებს. გამოცემა წერს, რომ შეხვედრის დათქმული დროიდან ნახევარ საათში შეხვედრის ადგილას ორი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც, ასე, 5-7 ადამიანი გადმოვიდა და ვარდიაშვილს “სიტყვის უთქმელად” დაესხა თავს.

“ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური — „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი, თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ”, — ციტირებს “ლიბერალი” ვარდიაშვილს.

მისი დაკვირვებით,  “თავდამსხმელები იქცეოდნენ, როგორც სპეციალურად მომზადებული ჯგუფი, მოქმედებდნენ გასამხედროებული დანაყოფივით და ემორჩილებოდნენ ერთ-ერთი მათგანის ბრძანებებს”.

თავდაპირველად, “ლიბერალის” თანახმად, ვარდიაშვილს გამომძიებლებმა ჰკითხეს, რა შეიძლებოდა თავდასხმის მოტივი ყოფილიყო, თუმცა ჟურნალისტი ამბობს, რომ დღემდე არ იცის, ვის შეიძლებოდა მასზე თავდასხმა სდომოდა.

“წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება ყოფილიყო, რადგან სამსახურს რომ ვუკავშირებ, უბრალოდ იმდენ თემას ვეხებით, რომ გამორჩევა მიჭირს”, – უთხრა ვარდიაშვილმა “ნეტგაზეთს“,

“მეორე დღეს, როცა პოლიციაში დამიბარეს, მითხრეს, თითქოს წინა დღით, 14 სექტემბერს, “ისტ პოინტში” “კარფურში” მიჩხუბია და ამის გამო დამესხნენ თავსო”,- ამბობს ვარდიაშვილი. თუმცა იგი ამბობს, რომ მსგავსი კონფლიქტი არავისთან მოსვლია.

როგორც “ლიბერალი” წერს, მოგვიანებით ვარდიაშვილს გამომძიებელმა უთხრა, რომ “თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ, რომ „კარფურში“ მართლაც მოხდა ჩხუბი, სადაც პირმა, ვინც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და იმ პირის ნაცვლად გაუსწორდნენ”.

გარეკანის ფოტოზე: ზურა ვარდიაშვილი, “ლიბერალის” რედაქტორი. სქრინშოთი GDS-ის გადაცემა “59 წამიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი