საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე შეარჩია.

სამინისტროს ცნობით, სააგენტოს დირექტორის პოსტზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა, სულ შევიდა 70 განაცხადი. შესული განაცხადებიდან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია – მათ 14 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან გასაუბრება გაიარეს. სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარი ფაქტორები იყო -პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ამ პოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე ლევან სურგულაძეს  ეკავა სააქციო საზოგადოება “კავკასიის ბიზნეს ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.

როდესაც ეკონომიკის სამინისტრომს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა, მითითებული იყო, რომ თანამდებობისთვის გათვალისწინებული იყო ხელფასი თვეში 10 ათასი ლარიდან 15 ათას ლარამდე.

საპენსიო სააგენტოს შექმნა არის ხელისუფლების საპენსიო რეფორმის ნაწილი. ამ რეფორმის მიხედვით, 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება. დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს. დამსაქმებელი ვალდებული იქნება, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დასაქმებულის ხელფასის 2%. 2%-ს გადაიხდის სახელმწიფოც. სწორედ ამ ფორმით მობილიზებული ფინანსების მართვა იქნება საპენსიო სააგენტოს ფუნქცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.