ახალი ამბები

შსს პოლიციელებისთვის თბილისში, რუსთავსა და ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს

17 სექტემბერი, 2018 • 3188
შსს პოლიციელებისთვის თბილისში, რუსთავსა და ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების თანამშრომლებისთვის ორ-ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას გეგმავს თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. ამ სამ ქალაქში კორპუსების ასაშენებლად, სამინისტროს გათვლებით, სატენდერო თანხა, ჯამში, 21 მილიონზე მეტი ლარია.

სამივე ქალაქში კორპუსების მშენებლობაზე ცალკე ტენდერებია გამოცხადებული.

თბილისის შემთხვევაში ადრე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა – მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. არშემდგარ ტენდერში თანხა 6 435 136 ლარი იყო, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი სატენდერო თანხა გაზრდილია და 7 596 914 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 28 სექტემბერს დასრულდება.

ამ თემაზე: შსს თანამშრომლებისთვის 6 მილიონ ლარად ორ თერთმეტსართულიან კორპუსს ააშენებს 

რუსთავის შემთხვევაში გამოცხადებული ტენდერი კი  სამინისტრომ შეწყვიტა, ვინაიდან, როგორც შესაბამის ოქმშია აღნიშნული, ხარჯთაღრიცხვა საჭიროებდა დაზუსტებას. შეწყვეტილი ტენდერის მიხედვით მშენებლობისთვის 5 872 729 ლარი იყო გათვლილი, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი ეს თანხა 6 521 499 ლარამდეა გაზრდილი. წინადადებების მიღება ამ შემთხვევაშიც 28 სექტემბერს სრულდება.

სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების მიხედვით თბილისში 2 კორპუსი აშენდება ქერჩის ქ.N6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რუსთავში – XX მიკრორაიონს, XXI მიკრორაიონსა და ლეონიძის ქუჩას შორის მიმდებარედ, შსს-ს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ბათუმში- ადლიის დასახლებაში, ადლიის ქუჩა N112-ში.

ამ თემაზე: პოლიციელებისთვის ბათუმში შსს ორ 11-სართულიან კორპუსს ააშენებს

„სახელშეკრულებო ღირებულების 1/3-ის გადახდა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, ხოლო 2/3-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადაიხდიან“, – განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კონკრეტულად რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც აღნიშნული მშენებლობისთვის საჭირო თანხის 2/3-ს გადაიხდიან [და, შესაბამისად, მიიღებენ საცხოვრებელ ბინებს]? – ამ კითხვის პასუხად ერთი თვის წინ სამინისტროში გვითხრეს, რომ მონახაზი არის და კონკრეტული დეტალები ზუსტდება.

ამ თემაზე: თანხის 2/3-ს თანამშრომლები გადაიხდიან – შსს-ს განმარტება კორპუსების მშენებლობაზე

სამინისტროს ინფორმაციით, ბინათმშენებლობის პროგრამა მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდსა და რუსთავს.

მთავარი ფოტო: რუსთავში ასაშენებელი კორპუსები / შსს-ს მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი