ახალი ამბები

ანაკლიის პორტში ზღვის ფსკერის დაღრმავება დაიწყო

17 სექტემბერი, 2018 • 3105
ანაკლიის პორტში ზღვის ფსკერის დაღრმავება დაიწყო

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო. ზღვის იმ აკვატორიაზე, სადაც პორტი იქნება, დამაღრმავებელი გემი “ათენა” 14 სექტემბრის შემდეგ მუშაობს.

გემი ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრ ქვიშას ამოიღებს, რომელიც ნაპირზე განთავსდება. ფსკერიდან ქვიშა ამოაქვთ ზღვაზე მოტივტივე სპეციალური მილების საშუალებით.

“ორ თვეში ამ ტერიტორიაზე დაახლოებით რვამეტრიან ქვიშის ზვინებს მივიღებთ. რომელიც აქ რამდენიმე თვე დარჩება. შემდეგ მოიხსნება ზედა ფენა და ჩვენ დაახლოებით 3.5 მეტრიდან დავიწყებთ სამუშაოებს, რათა მომზადდეს ძალიან მყარი ფუნდამენტი, რომელიც საჭიროა ჩვენი სამუშაოებისათვის და მომავალი პორტისათვის“, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში გიორგი მირცხულავა, სამშებელო მიმართულებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებს ახორციელებს ჰოლანდიური საზღვაო ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord. პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების შედეგად საზღვაო აკვატორია (იქ, სადაც გემები უნდა შემოვიდნენ) 16 მეტრამდე დაღრმავდება. აშენდება 1.6-კილომეტრიანი ტალღმტეხი. რაც შეეხება ნავმისადგომს, 625 მეტრის იქნება. მრავალფუნქციური ტერმინალი კი 110 ჰექტარ ფართობს მოიცავს.

“იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, 2021 წელს იქნება ძალიან ბევრი კონტეინერი და პორტი დაიწყებს მუშაობას. შავ ზღვაში რა სიდიდის  გემიც არ უნდა შემოვიდეს, იმ გემს ექნება საშუალება, შემოვიდეს ანაკლიის პორტში. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს დაკარგული აქვს თავისი ბუნებრივი ადგილი შავ ზღვაზე და ჩვენ ვაბრუნებთ ამ ადგილს. აქ იქნება ღრმაწყლოვანი პორტი, სადაც  შემოვა ყველაზე დიდი გემები – საკონტეინერო, არასაკონტეინერო და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის იქნება საოცარი შედეგი. უფრო იაფად მოხდება როგორც ტვირთის მიღება, ისე ტვირთის გაშვება. ეს არის მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უკვე უამრავ ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ელემენტალურად, გლეხი კახეთში ამ შეღავათს იგრძნობს, როცა თავისი ღვინის გაგზავნას დააპირებს ევროპაში”, – ამბობს გიორგი მირცხულავა.

ანაკლია ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოების დაწყების ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდნენ “ანაკლია პორტის” პროექტის დამფუძნებლები, საერთაშორისო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

“ეს პროექტი საქართველოსთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  ჩვენ გვჭირდება  ჩვენი პორტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა. სხვანაირად ჩვენ ვერ გადმოვიბირებთ იმ ტვირთებს, რომელიც დღეს მიდის სხვა მიმართულებით. ბევრი მუშაობა გვჭირდება  იმისთვის, რომ ეს ამოცანა გადავწყვიტოთ. ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, რომ ჩვენ გავხდეთ ლოჯისტიკური ჰაბი” ,-  განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 2021 წლისთვის არის ნავარაუდევი. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის პორტი 1 მილიონამდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონ ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სულ 9 ფაზად არის დაგეგმილი. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი