ახალი ამბები

UNICEF-ის კვლევის ფარგლებში 1500 ბავშვს ტყვიაზე შეამოწმებენ

17 სექტემბერი, 2018 • 3020
UNICEF-ის კვლევის ფარგლებში 1500 ბავშვს ტყვიაზე შეამოწმებენ

საქართველოში 20 სექტმბრიდან მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა [MICS] დაიწყება, რომელშიც 14 000 შინამეურნეობა მიიღებს მონაწილეობას. კვლევის ფარგლებში 2-7 წლის 1500 ბავშვს ტყვიაზე შეამოწმებენ.

კვლევა, რომელსაც UNICEF ატარებს საქართველოს დაავადებათა კონტროლთან და საქსტატთან ერთად, 3 თვის განმავლობაში თბილისსა და 10 რეგიონში გაგრძელდება. როგორც საქსტატსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში ირწმუნებიან, ასეთი ფართომასშტაბიანი კვლევა საქართველოსთვის უპრეცედენტოა, შესაბამისად, ის “აბსოლუტურად რეპრეზენტატულია”, ხოლო ცდომილება 2%-ზე ნაკლები იქნება.

იმისთვის, რომ მკვლევრებმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დონე დაადგინონ, შერჩეულ ბავშვებს სპეციალიზირებული მედპერსონალი მშობლის თანხმობით ვენიდან სისხლს აუღებს. თითო ოჯახში ანალიზი მხოლოდ ერთ ბავშვს გაუკეთდბა. მედპერსონალთან ერთად ოჯახში შევა 1-3 ინტერვიუერიც.

თუ ოჯახში ერთზე მეტი 2-7 წლს ასაკის ბავშვია, ანალიზი ჩაუტარდება ერთ-ერთ ბავშვს მშობლებთან და თავად ბავშვთან შეთანხმებით. ამის შემდეგ ანალიზი იტალიაში გაიგზავნება, ხოლო პასუხების მიღებისთანავე, კონფიდენციალურობის დაცვით, ოჯახებს ინდივიდუალურად გაეგზავნებათ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი დონე დადგინდება, ცენტრი მათ უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

UNICEF-ის წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნულ კვლევაში ტყვიის კომპონენტის ჩამატების თვალსაზრისით, საქართველო პიონერია. რაც შეეხება მიზეზებს, გაეროს სოციალური პოლიტიკის პროგრამების სპეციალისტის, თინათინ ბაუმის თქმით, საქართველოში დაფიქსირდა ერთეული შემთხვევები, როდესაც სისხლში ტყვიის შემცველობა მაღალი იყო. კვლევამ კი უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა ამ პრობლემას მასშტაბური ხასიათი.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ტყვიის კომპონენტის ჩამატება დაავადებათა კონტროლის 2015-2017 წლების კვლევამაც განაპირობა. დაავადებათა კონტროლის კვლევა იაშვილის კლინიკის ბაზას დაეყდრო და აღმოაჩინა, რომ ტყვიის შემცველობის საყურადღებო მატება აღინიშნა პაციენტების დაახლოებით 15%-25%-ის ფარგლებში.

UNICEF-ის კვლევაზე დიდ იმედებს ამყარებს საქართველოს მთავრობაც. როგორც პრესკონფერენციაზე განიმარტა, კვლევის შედეგების მიხედვით, მთავრობა სხვადასხვა სოციალური პროგრამის დაგეგმვას აპირებს.

როგორც დღეს, 17 სექტემბერს, გამართულ კონფერენციაზე კვლევის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ბავშვთა ორგანიზმებში ტყვიის შემცველობის დადგენა კვლევის ერთ-ერთი ნაწილია. გარდა ამისა, კვლვის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები განათლების, ჯანდაცვის, ბავშვის განვითარებისა და ბავშვზე ზრუნვის, ადრეული ქორწინების, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის, შშმ ბავშვების, დევნილებისა და ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის შესახებ.

ამასთანავე, კვლევის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ ყოველ მეოთხე ოჯახში წყალს ნაწლავის ჩხირის არსებობაზე შეამოწმებენ. შედეგები გამოავლენს სასმელი წყლის მასშტაბს როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე თითოეულ რეგიონში.

საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ლაბორატორიამ, ანონიმურობის დაცვის პირობით, “ამერიკის ხმას” მონაცემები გადასცა, რომელთა მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული 390 სისხლის ანალიზიდან ტყვია დასაშვებ რაოდენობას აღემატებოდა 129 შემთხვევაში. ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, ცალკეულ კლინიკებს, რათა გაერკვია, თუ რა ღირს სისხლში ტყვიის შემცველობის განმსაზღვრელი ანალიზი და სად არის მისი გაკეთება შესაძლებელი.

როგორც ირკვევა, სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც ჩვენ დავუკავშირდით, სისხლში ტყვიის განმსაზღვრელი ანალიზის ჩატარება 78 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ კვლევას ატარებს მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორია. მათი ინფორმაციით, ანალიზის საშუალო ფასი 90-110 ლარია. იმის შესახებ, თუ სად შეიძლება აღნიშნული ანალიზის ჩატარება, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი