ახალი ამბები

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს კომიტეტს სარჩელით მიმართავენ

17 სექტემბერი, 2018 • 2862
ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს კომიტეტს სარჩელით მიმართავენ

ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია “საფარი”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე აგზავნის სარჩელს გაეროს კომიტეტში, რომელიც ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მუშაობს (CEDAW კომიტეტში).

“საფარი” თვლის, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმეში “ორმაგ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი” და სახელწმიფომ, საქმის გამოუძიებლობით, “დაარღვია მთელი რიგი საერთაშორისო ნორმები”. მათი შეფასებით, ეს იყო ე. წ. ღირსების დანაშაული. ხანუმ ჯეირანოვამ 2014 წლის სექტემბერში დაასრულდა სიცოცხლე. მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივად სახელდება წინმსწრები მოვლენები — ქალთა უფლებადამცველები, ასევე ჯეირანოვას მამა და ქმარი, აცხადებენ, რომ ჯეირანოვა ქმრის ნათესავებსმა სოფლის დასანახად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა.

ამ საქმეს პროკურატურა დღემდე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ და დაუსჯიათ. ჯეირანოვას ქმარი,  აჯი გასანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა იმ ოთხი პირის დასჯას, რომლებმაც მისი განცხადებით, ხანუმი ქმრის ღალატში დაადანაშაულეს,  სოფელში ჩამოატარეს და სცემეს.  გასანოვმა ერთ–ერთი მათგანი იარაღით ფეხში დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციას ჩაბარდა. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასანოვი 2016 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა შეიწყალა.

ხანუმ ჯეირანოვა

“ღირსების დანაშაული”

“საფარის” სპეციალისტის, მარი კურტანიძის განმარტებით, ზუსტად 4 წლის წინ, როდესაც ჯეირანოვას “არაადამიანურად მოექცნენ”, პოლიციელებმა იმავე დღეს იცოდნენ ამის შესახებ, თუმცა სახელწმიფომ იგი “დაუქვემდებარა განმეორებით ძალადობას”.

კურტანიძის თქმით, “საფარი” გაეცნო საქმის დეტალებს, — მოწმეთა და პოლიციელთა ჩვენებებს — რის შედეგადაც დაასკვნა, რომ სახელმწიფო “არათუ ცდილობდა კულტურულ ნორმებს შეწინააღმდეგებოდა, არამედ თვითონ იყო ის, ვინც დისკრიმინაციულად მოქმედებდა”. მისი შეფასებით, მთავარი გამომწვევი მიზეზი, რის გამოც ჯეირანოვაზე იძალადეს, იყო “კულტურული ნორმები და გენდერული სტერეოტიპები, რაც ფესვგადგმულია საზოგადოებაში და განსაკუთრებით იმ რეგიონში, სადაც მოხდა”.

მისი დაკვირვებით, ჯეირანოვას მიმართ ძალადობის შესახებ იმავე დღეს იცოდნენ პოლიციელებმა, თუმცა ჩვენებები “მთლიანად კონცენტრირდებოდა ხანუმის სასიყვარულო ურთიერთობაზე და ცემის ფაქტი მთლიანად არის იგნორირებული”. 

“მაშინ, როდესაც იმ დღესვე პოლიციამ ნახა, [ძალადობის განმეორების] რისკი არ შეუფასებიათ, არ განუმარტავთ თავისი უფლებები, არ გადაუყვანიათ თავშესაფარში”, ამბობს კურტანიძე. მისი თქმით, ჩვენებები კონცენტრირდებოდა ჯეირანოვას პირად ცხოვრებაზე, და იყო მითითებული, რომ იგი “იმსახურებდა სიკვდილს; ასე ჩამორეცხა ოჯახს [სირცხვილი]” და ა.შ.

მეტიც, ამბობს კურტანიძე, სოფლის რწმუნებული მაჰმუდ ალიევი ჩვენებაში ამბობდა, რომ ჯეირანოვამ “თვითმკვლელობით გამოისყიდა თავისი დანაშაული”.

“ვფიქრობთ, რომ იკვეთება დისრკიმინაციული დამოკიდებულება იმ გამომძიებლების მხრიდანაც, რომლებიც ამ ოქმებს ადგენდნენ”, — აცხადებენ “საფარიში”.

საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა პროკურატურამ, გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

საფარი” ითხოვს, რომ გამოძიება, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთან ერთად, არაადამიანური მოპყრობის მუხლითაც უნდა წარიმართოს. ბაია პატარაიას თქმით, გამოძიებამ დამატებით უნდა განიხილოს ვერსია, — ხომ არ იყო ეს მკვლელობა.

“არჩარევის პოლიტიკა”

ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ იმ რეალობაზე, რაც, მათი შეფასებით, საყურადღებოა: ბაია პატარაია, მაგალითად, ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პოლიცია არ მუშაობს ისე, როგორც სხვა, ეთნიკური ქართველებით დასახლებულ პუნქტებში იმუშავებდა. “იორმუღალო არის აზერბაიჯანელებით დასახლებული ყველაზე დიდი სოფელი და [პოლიციელები] ცდილობენ, რომ კონფლიქტში არ შევიდნენ ადგილობრივებთან”.

“საფარის” ხელმძღვანელის შეფასებით, სახელმწიფო “თითქოს არჩარევის პოლიტიკას ამჯობინებს, რათა კონფლიქტში არ შევიდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან”, თუმცა ამ უმოქმედობით “აბსოლუტურად დაუცველად ტოვებს გოგოებსა და ქალებს”.  ეს უმოქმედობა კი, პატარაიას შეფასებით, უარყოფითად აისახება იმ სხვა პრობლემების გადაჭრის პროცესზე, რაც ამავე რეგიონებში გვხვდება: “ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ადრეული ქორწინებები, ქალთა მოტაცებები, გამოუძიებელი რჩება”.

რატომ CEDAW?

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წასვლას არჩიეს, გაეროში გაესაჩივრებინათ აღნიშნული საქმე. უფრო ზუსტად, გაეროს CEDAW კომიტეტში — სპეციალიზებულ კომიტეტში ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე.

“ეს კომიტეტი უშუალოდ ქალების პრობლემატიკაზე მუშაობს, ძალიან კარგად იცნობს იმ მავნე ტრადიციებს, რაც სხვადასხვა კულტურაში არსებობს ქალების წინააღმდეგ”, — ამბობს პატარაია. მისი თქმით, ამ კომიტეტში აქამდე მხოლოდ ერთი საქმე იყო განხილული საქართველოსთან დაკავშირებით. ეს საქმე ოჯახში ძალადობას ეხება.

“ჩვენ ვთვლით, რომ ორმაგ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი და გამოუძიებლობამ დაარღვია მთელი რიგი საერთაშორისო ნორმები”, — ამბობენ უფლებადამცველები.

ჯეირანოვას საქმეზე CEDAW-ს, “საფარისთან” ერთად, მიმართავენ ადამიანის უფლებათა ცენტრი და “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი” (EHRAC). 

გარეკანის ფოტოზე — ფოტო არქივიდან: კავშირ “საფარის” დირექტორი ბაია პატრაია და იურისტი მარი კურტანიძე. 14.12.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი