ახალი ამბები

აშშ-ის უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

17 სექტემბერი, 2018 • 1866
აშშ-ის უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ბრეტ კავანას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბრალდებებმა, რომლებიც 1982 წელს მომხდარ ძალადობის სავარაუდო ფაქტს ეხება.

ფედერალური მოსამართლე, 53 წლის ბრეტ კავანა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ კონგრესს უზენაესი სასამართლოს წევრის პოსტზე დასამტკიცებლად წარუდგინა. სანამ ეს ოფიციალურად მოხდებოდა, მიმდინარე წლის ზაფხულში, უკვე ცნობილი იყო, რომ მოსამართლე კავანა ამ პოსტზე წარსადგენი კანდიდატების შორთლისთში იყო. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა მიიღო წერილი, სადაც აღწერილი იყო 1980-იანი წლების დასაწყისში მომხდარი შესაძლო ძალადობის შესახებ ავტორი ანონიმურობის დაცვას ითხოვდა. აღნიშნული ისტორია მოხვდა მედიაშიც. თუმცა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ბრეტ კავანა ოფიციალურად წარადგინა და მისი უზენაეს მოსამართლედ არჩევის რეალური შანსი გაჩნდა, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა საჯაროობა არჩია. მან ექსკლუზიური ინტერვიუ The Washington Post-ს მისცა.

როგორც მედიასაშუალება წერს, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს ძალადობაში ადანაშაულებს 51 წლის კრისტინ ფორდი. ის ახლა პალო ალტოს პროფესორია და სტუდენტებს კლინიკურ ფსიქოლოგიას ასწავლის. მისი სამეცნიერო ნაშრომები ცნობილია პროფესიულ წრეებში.

კრისტინ ფორდის თქმით, 15 წლის იყო, როდესაც 17 წლის მთვრალმა ბრეტ კავანამ მისი გაუპატიურება სცადა. კავანა ამჟამად 53 წლისაა.

ქალის მონაყოლის მიხედვით, შემთხვევა მერილენდის გარეუბანში, ერთ წვეულებაზე მოხდა. 17 წლის ბრეტ კავანამ და მისმა თანატოლმა მარკ ჯაჯმა 15 წლის კრისტინ ფორდი მისივე ნების საწინააღმდეგოდ გამოამწყვდიეს საძინებელში. ფორდის თქმით, კავანამ მისთვის ტანსაცმლის გახდა სცადა და მთელი სხეულით ეკვროდა. როდესაც გოგომ კივილი დააპირა, ბიჭმა მას პირზე ხელი ააფარა. “მეგონა, რომ შეიძლებოდა მოვეკალი”, – იხსენებს კრისტინ ფორდი. მისივე ცნობით, მეორე ბიჭი შორიდან უყურებდა. საბოლოოდ, როგორც ქალი ამბობს, კავანამ მისი გაუპატიურება ვერ მოახერხა, რადგან თავად შეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა.

წლების განმავლობაში კრისტინ ფორდს ძალადობის შესახებ არავისთვის უთქვამს. მხოლოდ 2012 წელს, როდესაც ქმართან ერთად ფსიქოლოგთან კერძო სეანსზე იყო მისული, იმ დროს თქვა ის, რაც წლების განმავლობაში მის ფსიქიკას ანგრევდა.

“ჩემი უდიდესი შიში იყო კითხვა, ნუთუ ისე გამოვიყურებოდი, რომ თავდასხმა გამოვიწვიე? მე ეს არავისთვის არ მომიყოლია, თითქოს არ მომხდარა”, – ამბობს ფორდი. მან მშობლებისთვისაც არაფერი  უთქვამს, რადგან ვერ გაამხელდა ისეთ წვეულებაზე ყოფნის შესახებ, სადაც არასრულწლოვნები ალკოჰოლს სვამდნენ.

The Washington Post წერს, რომ ფორდმა მედიასაშუალებას გადასცა 2012 წელს ფსიქოლოგთან ჩატარებული კერძო სეანსის ჩანაწერი, სადაც ის აღწერს ძალადობის ფაქტს, თუმცა ბრეტ კავანას სახელს არ ახსენებს.

კრისტინ ფორდმა The Washington Post-ს უთხრა, რომ აქამდე დუმდა, რადგან თავისი ოჯახის დაცვა სურდა ზედმეტი საჯაროობისგან, თუმცა უზენაესი მოსამართლის პოსტზე კავანას დასახელების  შემდეგ მიიჩნია, რომ ამისი ხმამაღლა თქმა მისი სამოქალაქო ვალი იყო.

The Washington Post დაუკავშირდა ბრეტ კავანსა და მის მეგობარ მარკ ჯაჯს, თუმცა არცერთმა არ ისურვა მედიასაშუალების კითხვებზე პასუხის გაცემა. კავანამ ბრალდებების შესახებ მოკლე განცხადება გაავრცელა, რომლითაც “კატეგორიულად” უარყოფს მომხდარს.

14 სექტემბერს სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ჩარლზ გრესლიმ გამოაქვეყნა კავანას ნაცნობი ქალების წერილები. ქალები წერენ, რომ კავანას კარგად იცნობდნენ ჯერ სტუდენტობისას – 1979-1983 წლებში.

“35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ მას ვიცნობთ, ბრეტი მუდამ გამოირჩეოდა თავისი ხასიათით, მეგობრობით. ის განსაკუთრებული ღირსებითა და პატივისცემით ექცეოდა ქალებს. ის ასეთი იყო სტუდენტობისას და ასეთად დარჩა დღევანდელობაშიც”, – წერენ კავანას ნაცნობი ქალები.

როგორც CNN აღნიშნავს, რთული სათქმელია, როგორ განვითარდება პროცესები კონგრესში და აირჩევენ თუ არა ბრეტ კავანას უზენაესი სასამართლოს მეცხრე მოსამართლედ. სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულმა ბრალდებებმა ამერიკულ საზოგადოებაში განსაკუთრებული სიმწვავე და სიმძაფრე შეიძინა #MeToo კამპანიისა და ვაინშტაინის სკანდალის შემდეგ.

აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ამჟამად 8 მოსამართლეა. მეცხრე წევრი, ენტონი კენედი, პენსიაზე 2018 წლის 31 ივლისს გავიდა. ამერიკის კონგრესმა მის შემცვლელად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამას ნამდვილად იმსახურებს.

მთავარ ფოტოზე: ბრეტ კავანა. ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS

მასალების გადაბეჭდვის წესი