ახალი ამბები

თურქეთში P!nk-ის კლიპი ” გეი ეროტიკად” შეაფასეს და ტელეარხი დააჯარიმეს

16 სექტემბერი, 2018 • 3347
თურქეთში P!nk-ის კლიპი ” გეი ეროტიკად” შეაფასეს და ტელეარხი დააჯარიმეს

თურქეთის ტელევიზიისა და რადიოს მარეგულირებელმა საბჭომ ადგილობრივი ტელეკომპანია დააჯარიმა, რომელმაც ეთერში მომღერალ P!nk-ის მუსიკალური კლიპი აჩვენა. ჯარიმის საფუძველი კლიპში ორი კაცის ერთად ცეკვა გახდა, რაც საბჭომ “ჰომოსექსუალური ხასიათის ეროტიკულ ცეკვად” შეაფასა.

კლიპი ეთერში შუადღის საათებში გავიდა. Reuters-ის ცნობით, მარეგულირებელმა უწყებამ მიიჩნია, რომ აღნიშნულს, შესაძლოა, ბავშვებსა და მოზარდებზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა. ჯარიმის ოდენობამ 17000 ლირა(2218 ლარი) შეადგინა.

გრემის მფლობელი მომღერლის, P!nk-ის კლიპი, სახელწოდებით “Secrets”  მიმდინარე წლის ივლისში გამოვიდა. ვიდეოში, პერიოდულად, გრაფიტის ფონზე მოცეკვავე წყვილები ჩანან. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი, რომელშიც ორი კაცი ერთად ცეკვავს, მარეგულირებელმა საბჭომ ჰომოსექსუალურ ეროტიკად მიიჩნია.

თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ლგბტ აქტივობები წლიდან წლამდე სულ უფრო იზღუდება. უკვე მეოთხე წელია, ადგილობრივი ადმინისტრაცია სტამბოლის ლგბტ პრაიდის ჩატარებას კრძალავს და ღონისძიების მონაწილეებს რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლსა და მხუთავ გაზს უპირისპირებს. აკრძალვები ინტერენტშიც ვრცელდება, სადაც 5 უმსხვილესი თურქულენოვანი ლგბტ თემატიკის გვერდი დაბლოკილია.

ბურსაში მოქმედი ტელეკომპანია ASTV ერთადერთი არ არის, რომელიც უწყების მიერ ბოლო პერიოდში დაჯარიმდა. იანვარში მან თითქმის მილიონი ლირით დააჯარიმა ტელეარხი, რომელმაც კონკურსში მონაწილე 7-დან 11 წლამდე გოგოების ცეკვა აჩვენა. საბაბად ტელეკომპანიამ მაყურებლის მიერ სცენის “ბავშვზე ძალადობად” მიჩნევა დაასახელა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი