ილია მეორე: იმედი მაქვს, გავერთიანდებით, რომ ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი, – ეს განცხადება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პარტიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მარიხუანის კონტროლზე კანონპროექტის შესახებ საუბრისას გააკეთა.

“ჩემი აზრით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს [მომხმარებლებს] და ვთხოვოთ უფალს, რომ განკურნოს ისინი. ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარდი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული, სადაც უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია; საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქა და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს? მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი,” – განაცხადა ილია მეორემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.