“ლიბერალიზმმა გაანადგურა ადამიანის არსი” — ვასაძე “ოჯახთა მსოფლიო კონგრესზე” მოლდოვაში

14-15 სექტემბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდა “ოჯახთა მსოფლიო კონგრესი”, რომელზეც სიტყვით, სხვა გამომსვლელებთან ერთად, გამოვიდა ლევან ვასაძე.

კონგრესზე სიტყვით გამოვიდნენ მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევენ, რუსული ანტი-გეი კანონის ავტორი ელენა მიზულინა და სხვა საჯარო ფიგურები.

გამოცემა Balkan Insightის თანახმად, ვასაძემ თავის მოხსენებაში თქვა, რომ “თუკი კაცს ოჯახი არა ჰყავს გვერდით, ყველა მისი გამარჯვება და წარმატება ამაოა”.

ვასაძემ განმარტა, “ოჯახთა მსოფლიო კონგრესმა” დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადმოინაცვლა, რადგან “მორალური ღირებულებები” აქ უკეთაა დაცულიო. ამის შემდეგ კი, ამავე გამოცემის თანახმად, იგი უბრანიზაციას დაესხა თავს, როგორც “ოჯახის კულტურის” გამანადგურებელ კონცეპტს.

“ლიბერალიზმმა გაანადგურა ადამიანის არსი”, – თქვა მან.

მსოფლიო საოჯახო კონგრესი“ 1997 წელს შექმნილი ამერიკული გაერთიანებაა, რომელიც ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინებას, ლგბტ უფლებებსა და აბორტს უპირისპირდება. კონგრესის ორგანიზებით 4-დღიანი კონფერენცია 2016 წელს თბილისში გაიმართა. ღონისძიება ემთხვეოდა 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს.

[ნახეთ ნეტგაზეთის 2016 წლის სტატია: ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩანაცვლების მცდელობა ხატით და „მსოფლიო საოჯახო კონგრესით“]

2018 წლის გაზაფხულზე ვასაძეს თბილისში პრეზიდენტი დოდონი ცოლთან, შვილთან და ძმასთან ერთად ესტუმრა.

თავად დოდონი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პრორუსი პოლიტიკოსია და თავს “პრომოლდაველ პოლიტიკოსს” უწოდებს.

[გარეკანზე — მარჯვენა ფოტო: BIRN/Madalin Necsutu]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.