დიპლომატთა კლუბი: საგარეომ დააფიქსიროს პოზიცია ზურაბიშვილის განცხადებებზე

საქართველოს დიპლომატთა კლუბი — ჯგუფი, რომელიც ყოფილ მაღალი რანგის დიპლომატებს აერთიანებს – აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. კლუბი საგარეო სამინისტროს მოუწოდებს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ზურაბიშვილის განცხადებებზე.

როგორც კლუბის მიმართვაშია ნათქვამი, მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ “2008 წლის ომის დროს საქართველოს საელჩოები დადუმებულები იყვნენ”.

“ქალბატონი ზურაბიშვილისგან არახალია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გაკეთებული მავნებლური და რაც მთავარია აბსოლუტური სიცრუის შემცველი განცხადებები”, წერს კლუბი და განმარტავს, რომ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ზურაბიშვილმა საქართველოს “ორ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს მიაყენა დაუმსახურებელი და სასტიკი შეურაცხყოფა” — ქართულ ჯარსა და ქართულ დიპლომატიას.

“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით გამოუტანოს მისი ვერდიქტი პოლიტიკოს ზურაბიშვილს 28 ოქტომბრის არჩევნებზე. იმავდროულად კი მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ქვეყნისა და დიპლომატიური სამსახურის წინაშე აკისრია ვალდებულება საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე”, წერია 15 სექტემბრის განცხადებაში.

რუსთავი2-ის თანახმად, კლუბის წევრებს შორის არიან კონსტანტინე გაბაშვილი, ყოფილი ელჩი იტალიაში, ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბადრიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, და სხვები.

[წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: რა პრობლემის შექმნა შეუძლია გაპრეზიდენტების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ომზე]

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.