“ვესტვორლდის” მე-3 სეზონში ითამაშებს აარონ პოლი “მძიმე დანაშაულიდან”

“ველური დასავლეთის სამყაროს” (“ვესტვორლდის”) მე-3 სეზონის ძირითადი მსახიობებს სიას შეემატა აარონ პოლი, რომელიც “მძიმე დანაშაულში” ერთ-ერთი მთავარი — ჯესი პინკმენის — როლის შემსრულებელია.

ინფორმაცია ამის შესახებ გაავრცელა Business Insider-მა.

მსახიობმა ეს ცნობა ტვიტერზე დაადასტურა:

აარონ პოლს ემის ჯილდო აქვს მიღებული “მძიმე დანაშაულში” (“ბრეიქინგ ბედში”) შესრულებული როლისათვის.

ემის წლევანდელ დაჯილდოებაზე წარდგენელია “ველური დასავლეთის სამყაროც” რამდენიმე კატეგორიაში — საუკეთესო სერიალი, საუკეთესო ქალი მსახიობი (ევან რეიჩელ ვუდი), საუკეთესო კაცი მსახიობი (ჯეფრი რაიტი და ედ ჰარისი), საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი (თანდი ნიუტონი).

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის “ვესტვორლდი” HBO-ზე გადის.

სერიალი, ერთი შეხედვით, რობოტებზეა — ადამიანების სიმულაციებზე, რომლებსაც თითქოს საკუთარი “მე” არ გააჩნიათ. თუმცა, როგორც მაყურებელი სერიალის განვითარებასთან ერთად ხვდება, “მასპინძლების” (ასე უწოდებენ “ველური დასავლეთის სამყაროში ხელოვნურ ინტელექტს) რეალობები გაცილებით უფრო კომპლექსურია და, მათ, სწორი განვითარების შემთხვევაში, ცნობიერებას შეიძლება მიაღწიონ.

“ველური დასავლეთის სამყაროს” ეორე სეზონი 2018 წლის ზაფხულში დასრულდა. დასასრულმა პასუხები ისე გასცა წინა ეპიზოდებში წამოჭრილი კითხვების უმრავლესობას, რომ ცნობიერებაზე, არჩევანის თავისუფლებასა თუ სხვა საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობისათვის კვლავ ფართო სააზროვნო სივრცე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებით განვითარდება მესამე სეზონი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.