3 პირი დააკავეს მართვის მოწმობის გამოცდის სისტემაში შეღწევის ბრალდებით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ სამი ადამიანი დააკავა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამივე მათგანი უკანონოდ ეხმარებოდნენ მოქალაქეებს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.

“კერძოდ, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდაზე გამსვლელ პირებს გადასცემდნენ სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას: მიკროკამერას და მიკროყურსასმენს, რის შემდეგაც საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პორტატული კომპიუტერის მეშვეობით ვიდეო და ხმოვან სიგნალს იღებდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულები ვიზუალურად ხედავდნენ საგამოცდო ბილეთებს და მოსასმენი აპარატურის მეშვეობით მართვის მოწმობის აღების მსურველ მოქალაქეებს პასუხების სწორ ვარიანტებს კარნახობდნენ”.

სუს-ის ცნობითვე, არაკანონიერი დახმარების  სანაცვლოდ ბრალდებულები მოქალაქეებისგან სხვადასხვა თანხას იღებდნენ. “გამოძიების მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 800 აშშ დოლარი და 1976 ლარი”, აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გარეკანის ფოტო აღებულია autobild.ge-დან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.