ახალი ამბებისაზოგადოება

კანაფის ექსპორტი “მილიარდიანი პოტენციალით”: რა იგეგმება რეალურად?

14 სექტემბერი, 2018 • 7970
კანაფის ექსპორტი “მილიარდიანი პოტენციალით”: რა იგეგმება რეალურად?

თუკი საქართველო კანაფის ექსპორტს დაუშვებს სამედიცინო მიზნებისთვის, ის შეუერთდება გლობალურ ბაზარს, რომლის წლიური ბრუნვაც მილიარდობით აშშ დოლარია. “ნეტგაზეთი” ესაუბრა აკაკი ზოიძეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარეს, რათა გაერკვია ლოგიკა კანაფის ექსპორტის იდეის მიღმა და დაეზუსტებინა ხელისუფლების გეგმები, თუ როგორ დარეგულირდება ინდუსტრია. ჩვენ ასევე დავინტერესდით, ვინ არიან მთავარი მოთამაშეები კანაფის ლეგალურ ბაზარზე.

რა გავა ექსპორტზე?

მმართველი გუნდი აპირებს, კანაფის ექსპორტი დაუშვასსამედიცინო/კოსმეტიკური მიზნებისთვის. ინიციატივის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელმაც იდეა უმრავლესობას გასულ კვირას გააცნო.

ამ სხდომას ესწრებოდა აკაკი ზოიძე — პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარე, რომელიც წლებია ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის პოლიტიკის მხარდამჭერია.

იგი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ხსენებულ სხდომაზე პრინციპების დონეზე განიხილეს საკითხი და კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. თუმცა ზოიძე აზუსტებს, რომ ექსპორტზე სამედიცინო მიზნით მხოლოდ ნახევარპროდუქტების გასვლას დაუჭერს მხარს. ეს, მისი ხედვით, იქნება კანაფი იმ სახით, რომელსაც ნარკოტიკული თრობის ელემენტი არ გააჩნია: “მხოლოდ კანაბიდოლი და [ისეთი სახის კანაფი, რომელშიც] მიკროსკოპული ან არარსებული რაოდენობით არის ტეტრაჰიდროკანაბინოლი”. ეს ორივე ნივთიერება კანაბინოიდია — მცენარე კანაფის შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები.

რაც შეეხება კოსმეტიკური მიზნებისთვის ექსპორტს, ზოიძის განმარტებით, ქვეყნიდან ექსპორტზე გაიტანენ ნარკოტიკული ზემოქმედების კომპონენტისგან თავისუფალ ეთერზეთს.

“ყველაზე მთავარია, რომ ამ პრობლემის მორალური განზომილება მოიხსნას — მთავარია, რომ [წარმოებულ/ექსპორტირებულ კანაფში] ნარკოტიკული კომპონენტი არ უნდა იყოს”.

როგორც ზოიძე დასძენს, მომავალში კანაფი, შესაძლოა, პირდაპირ მედიკამენტის სახითაც გავიდეს — მზა ფორმად.

“მონოპოლია” თუ “მკაცრი რეგულირება”?

მას შემდეგ, რაც მედიაში კანაფის ექსპორტის ინიციატივის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ოპოზიციამ მმართველი პარტია გააკრიტიკა — მიხეილ სააკაშვილმა, მაგალითად, გამოთქვა ეჭვი, რომ კანაფის ექსპორტის ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის მიერ იქნება მონოპოლიზებული. მსგავსი კითხვა გაუჩნდა “ნეტგაზეთსაც” — თუკი კანაფის ბიზნესი მართლაც გაჩნდება, ხომ არ იქნება ეს საქმიანობა მონოპოლიზებული? ამ კითხვაზე ზოიძემ ასე გვიპასუხა:

“პირიქით, საუბარია მონოპოლიზაციის თავიდან აცილებაზე. უნდა დასრულდეს ყოველგვარი სპეკულაცია. პირდაპირ გეუბნებით, რომ 150 ტიპის ლიცენზიაზე იქნება საუბარი”.

ეს, პარლამენტარის განმარტებით, ნიშნავს, რომ კანაფის დათესვიდან ექსპორტამდე “მთლიანი ხაზი არ იქნება ერთ ხელში” — სურვილის შემთხვევაში, სხვადასხვა კერძო კომპანიის ხელში იქნება საქმიანობის სხვადასხვა ნაწილი — წარმოება, გადამუშავება, ექსპორტი და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიები სალიცენზიო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, გვეუბნება კომიტეტის თავმჯდომარე.

თუმცა ეს საკითხი არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი:

“დეტალებს გავივლით, — მოვიკითხავთ, არის თუ არა ეს [რეგულირების სქემა] სხვა ქვეყნებში გამოყენებული. როგორც გვეუბნებიან, ეს არის საუკეთესო საერთაშორისო მაგალითი. ვიკითხავთ, რომელ ქვეყნებში როგორაა და ერთად, საჯარო დისკუსიისას მოვისმენთ”, — ამბობს ზოიძე.

როგორია სამედიცინო ნაკაფის ბაზარი?

2016 წელს კანაფის ბაზარი 9.3 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული. ჩვენ დავინტერესდით, რომელი ქვეყნები დომინირებენ ამ ბაზარზე.

ამ თემაზე გაეროს ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, კანაფის ლეგალური მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა წლების განმავლობაში: თუკი 2000 წელს მსოფლიოში კანაფის ლეგალური პროდუქცია, ჯამში, 1.4 ტონა იყო, 2016 წლისათვის ეს მაჩვენებელი 209.9 ტონამდე იყო გაზრდილი.

ამავე კვლევის მიხედვით, 2016 წელს გაერთიანებული სამეფო იყო ყველაზე მსხვილი მწარმოებელი — 95 ტონით, რაც მსოფლიოში ლეგალურად წარმოებული კანაფის თითქმის ნახევარი იყო. ბრიტანეთს მოსდევდა კანადა (80.7 ტონით — ძირითადად, შიდა მოხმარებისათვის), პორტუგალია (21ტ), ისრაელი (9.2ტ) ნიდერლანდები (1.4ტ) და ჩილე (1.4ტ).

ბრიტანეთი იყო კანაფის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორიც — 2.1ტ. მას მოსდევდა ნიდერლანდები (0.5ტ), ავსტრია (0.2ტ) და ა.შ.

რაც შეეხება მარიხუანის იმპორტს — 2016 წელს ყველაზე მსხვილი იმპორტიორი აშშ იყო (56.6ტ), რომლის წილიც საერთო იმპორტში 94.5%-ს შეადგენდა. მეორე-მესამე ადგილზე მყოფი გერმანიისა და იტალიის მიერ იმპორტირებული კანაფი კი მსოფლიოში იმპორტირებული კანაფის 2.6% და 1.1%-ს შეადგენდა.

ლეგალური კანაფის ყველაზე დიდ მარაგსაც გაერთიანებული სამეფო ფლობდა — 93.1ტ, ანუ 78.2%. მას მოსდევდა კანადა (21ტ, 17.6%) და ისრაელი (1.8ტ, 1.5%).

ის სქემა, რაც ჩვენთან საუბარში აღწერა ზოიძემ, ადმინისტრირების დონეზე ჰგავს კანადის მაგალითს — აქ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოებასაც და გაყიდვასაც სპეციალური ლიცენზია სჭირდება. ამ დროისთვის ლიცენზია კანადაში 116 კომპანიას აქვს, თუმცა ზოგიერთ მათგანს მხოლოდ წარმოების უფლება აქვს და არა გაყიდვის.

2016 წლის პირველ 9 თვეში თითქმის 100 000 კანადელს ჰქონდა სამედიცინო მარიხუანა ლეგალურად ნაყიდი. 2015 წელს, ამავე სტატისტიკის თანახმად, სამედიცინო მარიხუანის საყიდლად დაიხარჯა 4.8 მილიარდი აშშ დოლარი.

საქართველოს პერსპექტივა — “მილიარდიანი პოტენციალი”

კითხვაზე, რა მოგებას ნახავს სახელმწიფო ამ ინიციატივის განხორციელებით, ზოიძე დაახლოებით მილიარდ აშშ დოლარს ასახელებს. მისი თქმით, სამედიცინო კანაფის მსოფლიო ბაზრის “პოტენციალი დღეს არის 10 მლრდ აშშ დოლარი, 2022 წლისთვის კი 55 მლრდ აშშ დოლარია პროგნოზირებული”.

“თუ დავიჭირეთ თუნდაც 10% ამ ბაზრისა, შანსი გვაქვს, რომ მილიარდის შემოსავალზე ვისაუბროთ მთლიანი ეკონომიკისთვის”,- გვითხრა ზოიძემ.

“აქედან გამომდინარე, შესაბამისი პროცენტებით ადვილია გადათვლა, სალიცენზიო მოსაკრებლის გადასახადის სახით რამდენი შემოვა ბიუჯეტში, რომელსაც სოციალური პროგრამების და ამავე ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის გამოვიყენებთ”,- დასძენს პარლამენტარი.

“მეათეხარისხოვანი საკითხი” და შორეული პერსპექტივები

საპარლამენტო უმრავლესობის იმ სხდომაზე, სადაც შსს-მ კანაფის ექსპორტის ინიციატივა წარადგინა, იმყოფებოდა უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, მირიან წიკლაური. ის, მართალია, ექსპორტის წინააღმდეგ წავიდა, თუმცა ამბობს, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას ორი ნაწილი ჰქონდა — პირველი იყო შიდა მოხმარების მკაცრი რეგულირება, მეორე კი — ექსპორტი.

აკაკი ზოიძეც ადასტურებს, რომ ინიციატივა ორპუნქტიანი იყო. მისი შეფასებით, “უმნიშვნელოვანესი და სასწრაფო თემაა პირველი ნაწილი — რეგულირება ქაოტური მდგომარეობის, სადაც ყველას ჰგონია, რომ მარიხუანა არის ლეგალური. მეორე ნაწილი, პირდაპირ გეუბნებით, არის მეათეხარისხოვანი”.  

ზოიძის განმარტებით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ “მკაცრად დასჯადი იქნება ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება მარიხუანის მოხმარებას 21 წლამდე; ნარკოტიკული თრობით საჭესთან დაჯდომა პირდაპირ ციხით დაისჯება, ხოლო გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის — საჯარო სამსახურიდან დაწყებული, ყველა იმ პროფესიაში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთან ან სიცოცხლესთანაა დაკავშირებული — ეს [კანაფის მოხმარება] იქნება კარიერის დასრულებასთან დაკავშირებული”.

“მე, როგორც დეკრიმინალიზაციის ადვოკატი, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერ ამ ინიციატივის მეორე ნაწილს მხარს, თუ კონკრეტული ციფრები მეცოდინება; ამ ციფრებიდან რა ნაწილი წავა სწორედ იმავე მარიხუანის თუ სხვა ნარკოტიკული საშუალებების ზიანის შემცირებისკენ და პრევენციაში”, — ამბობს ზოიძე.

ბრიტანეთის მაგალითი

იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთი კანაფის ტოპ ექსპორტიორია, იქ მარიხუანის ფლობა, კულტივაცია ან გავრცელება კვლავ არალეგალურია — ის B კლასის ნარკოტიკადაა მიჩნეული; კანაფის არალიცენზირებული წარმოება და არალიცენზირებული ვაჭრობა, დღევანდელი კანონმდებლობით, 14 წლამდე პატიმრობითა და/ან ულიმიტო ჯარიმით ისჯება. ფლობისათვის მაქსიმალური სასჯელი კი 5 წელია ჯარიმასთან ერთად.

ამასთან, Independent-ის ცნობით, კვლავ არალეგალურია სამედიცინო კანაფისგან მიღებული წამლების გამოწერა ექიმების მიერ.

როგორ მოხდა, რომ ამ მკაცრი წესების ფონზე, ბრიტანეთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია?

როგორც BBC წერს, ბრიტანეთსაც ნედლი კანაფი კი არ გააქვს ექსპორტზე, არამედ ძირითადად კანაფისგან დამზადებული ერთი წამალი — სატივექსი. ეს წამალი დაშვებულია გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანებისათვის, კუნთების შებოჭილობისა და სპაზმების სამკურნალოდ.

[კანაფის შემადგენელი ელემენტების, კანაბინოიდების, გამოყენების შესახებ, წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია: როგორ გამოიყენებენ კანაფს კოსმეტიკაში და სამედიცინო მიზნებისთვის]

ბრიტანეთში კანაფს ზრდიან ლეგალურად კიდევ ერთი წამლის — ეპიდიოლექსის მისაღებად. ამჟამად როგორც ევროპული, ისე ამერიკული სამედიცინო ადმინისტრაციები სწავლობენ, შეიძლება თუ არა ეპიდიოლექსის დანიშვნა ეპილეფსიის ორი არაკონტროლირებადი ფორმის სამკურნალოდ. BBC-ის თანახმად, ჯერჯერობით ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი არ არის.

სხვა ეთიკური დილემები

ბრიტანეთის მთავრობას 2018 წლის ზაფხულში აქტივისტები მკაცრად აკრიტიკებდნენ — როგორ შეიძლება, ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს შეუზღუდო წვდომა იმ წამლებზე, რომლებიც მათ მდგომარეობას საგრძნობლად შეამსუბუქებს და, ამავე დროს, იყო სამედიცინო კანაფის უდიდესი ექსპორტიორი.  გასულ ზაფხულს კი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შემოდგომაზე უკვე ლეგალური იქნებოდა კანაფისგან დამზადებული წამლების გამოწერა საჭიროების მქონე პაციენტებისათვის.

აკაკი ზოიძემ გვითხრა, რომ სამედიცინო მარიხუანისგან დამზადებული მედიკამენტები გამოიყენება მსოფლიოს 25 ქვეყანაში. მართალია, აშშ-ში ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიცაა აშშ-ის საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაცია (FDA), ჯერჯერობით არ დაურთავს მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების ნება ფედერალურ დონეზე, თუმცა კანაბინოიდების კვლევების შედეგად, FDA-მ ორი მედიკამენტის გამოყენება დაუშვა, რომლებიც კანაბინოიდებს შეიცავენ. “არსებობს წამალი, რომელიც გამოიყენება FDA-ის მიერ, გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენება და ითვლება ძირითად საშუალებად და არა ალტერნატიულად”, — გვითხრა მან.

როგორც ზოიძემ დაგვიდასტურა, ჯერჯერობით საქართველოშიც აკრძალულია კანაფისგან წარმოებული მედიკამენტებით მკურნალობა. თუმცა ეს მოცემულობა 10-15 წელიწადში შეიძლება შეიცვალოს, “მას შემდეგ, რაც დაგროვდება მეტი მეცნიერული მტკიცებულება” და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) “ორჭოფობის გარეშე, პირდაპირ” გაუწევს ამ პრაქტიკას რეკომენდაციას.

“მანამდე, 50 წლის განმავლობაში, აკრძალული იყო კანაფის მოხმარება, ახლა დაიწყეს სამედიცინო მოხმარების მიზნით დაშვება და ახლა გროვდება მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ამას შეიძლება კარგი ეფექტი ჰქონდეს. თორემ კაცობრიობა 3 000 წელია ამას სამკურნალოდ გამოიყენებს”.

გარეკანის ფოტო გადაღებულია თელ-ავივში, სამედიცინო კანაფის შესახებ გამართულ კონფერენციაზე © EPA/JIM HOLLANDER

მასალების გადაბეჭდვის წესი