ახალი ამბები

ტურიზმის ადმინისტრაცია Russia 1-ის ჟურნალისტებს თბილისში სასტუმროს უფინანსებს

14 სექტემბერი, 2018 • 11247
ტურიზმის ადმინისტრაცია Russia 1-ის ჟურნალისტებს თბილისში სასტუმროს უფინანსებს

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ Russia 1-ის ტელეწამყვანი და ჟურნალ StarHit-ის რედაქტორი ანდრეი მალახოვი გადამღებ ჯგუფთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად საქართველოში, თბილისში იმყოფება. გადამღები ჯგუფისა და თავად ტელეწამყვანის სასტუმროს ხარჯებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფარავს. გარდა ამისა, ჯგუფი უზრუნველყოფილია უფასო გიდით.

როგორც ტურიზის ეროვნულ ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, მალახოვი საქართველოში მათ არ მოუწვევიათ და მისთვის არც ფული გადაუხდიათ. რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, ადმინისტრაციის ცნობით, ეს თანხა “მიზერულია”, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მოწოდებას მოგვიანებით დაგვპირდნენ.

ადმინიტრაციის პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ მათ დაუკავშირდა ანდრეი მალახოვის პროდიუსერი და უთხრა, რომ საქართველოში ჩამოსვლას და რეპორტაჟის მომზადებას გეგმავდნენ, თუმცა ამაში ქართული მხარე ფულს არ იხდის.

“ეს არის ჩვეულებრივი პრესტური, არაერთი ქვეყნიდან ჩამოდიან ასე სხვა ჟურნალისტებიც, რომლებსაც მინიმალურ დახმარებას ვუწევთ”, – უთხრეს ნეტგაზეთს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. უწყებისვე ინფორმაციით, მათ ასევე შეამოწმეს, ხომ არ დაურღვევია ჟურნალისტს საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ და ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა.

“შვებულება ანდრეი მალახოვთან ერთად” – სწორედ ასე ჰქვია პროექტს, რომლის საშუალებითაც რუსი ტელეწამყვანი არჩევს რამდენიმე ადამიანს, ვისაც სხვა ქვეყანაში დამოუკიდებლად დასვენების საშუალება არ აქვს. მალახოვმა კონკურსის გამარჯვებულთა დასვენების ადგილად ამჯერად საქართველო შეარჩია. პროექტის ვებსაიტის მიხედვით, კონკურსანტები აქამდე იმყოფებოდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტაილანდი, დომინიკის რესპუბლიკა, არაბეთის გაერთიანებული ემირატები და ა.შ.

ავტობუსი ქართული სანომრე ნიშნებით, რომელიც მალახოვის შოუს ელემენტებითაა ბრენდირებული, ნეტგაზეთმა 13 სექტემბერს თბილისში შენიშნა. რუსეთის სახელმწიფო ტელეარხისა და ჟურნალ StarHit-ის ლოგოების გარდა, ავტობუსზე მიკრული იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ლოგოც. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს მათი ინიციატივით არ მომხდარა და სავარაუდოდ, რუსი ჟურნალისტის ჯგუფმა ეს დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი