ახალი ამბებიბლოგებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის მუდმივი კრიზისი

14 სექტემბერი, 2018 • 9985
აფხაზეთის მუდმივი კრიზისი

ოლესია ვართანიანის [International Crisis Group – საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი] ბლოგი


აფხაზეთში საპროტესტო მოძრაობის ახალი ტალღა გორდება. იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის დასაწყისში დაგეგმილ აქციებზე ადგილობრივი ოპოზიცია შეძლებს დღევანდელი დე ფაქტო ლიდერის მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გადაყენებას, შესაძლოა ამ ფაქტმა გამოიწვიოს კრიზისის გაღრმავება და რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერება.

დროში გაწელილი კრიზისი აფხაზეთის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. უკვე მერამდენედ ეს რეგიონი საპროსტესტო აქციებით, გადადგომებითა და ვადამდელი არჩევნებით გამოირჩევა. არც მიმდინარე წელი ყოფილა გამონაკლისი. გაზაფხულის შემდეგ ყველა წამყვანმა ოპოზიციონერმა დაიწყო გაერთიანება და რეგიონებში ხალხთან რეგულარული შეხვედრები, სადაც ხალხს ჩავარდნილ რეფორმებზე, დანაშაულის ზრდაზე და ცხოვრების პირობების გაუარესებაზე ესაუბრებიან. კულმინაცია ოქტომბრის დასაწყისშია მოსალოდნელი, მაშინ, როდესაც ოპოზიცია საკუთარი მხარდამჭერების სოხუმში შეკრებას გეგმავს.

აქციების მთავარი მოთხოვნაა, დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 2019 წლის აგვისტოში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მეორედ აღარ დაასახელოს. თუმცა ბევრი ადგილობრივი პოლიტიკოსი და დამკვირვებელი უშვებს, რომ წარმატების შემთხვევაში ოპოზიციას შეუძლია ხაჯიმბას ვადამდე გადაყენება. მსგავსი მოთხოვნები უკვე ისმის გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მხრიდან.

[red_box]საპროტესტო განწყობების მიზეზები[/red_box]

აღნიშნული რეგიონის რუსეთის მიერ აღიარების პირველ წლებში ადგილობრივი მოსახლეობა იმედებით ცხოვრობდა, რომ, როგორც იქნა, ომისშემდგომი ნანგრევებიდან ამოვლენ და განვითარებას დაიწყებენ.

2011 წელს მსგავსი განწყობების ტალღაზე ხელისუფლებაში მოვიდა ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც ბოლო ათწლეულის მანძილზე ამ რეგიონის ყველაზე წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თუმცა ის უკიდურესად უუნარო პოლიტიკოსიც აღმოჩნდა. რომელმაც შეძლო და მის წინააღმდეგ არა მხოლოდ  შეურიგებელი ოპონენტები, არამედ ახლო თანამზრახველები და კრემლის კურატორები გაართიანა. შედეგად, 2014 წელს ანქვაბი იძულებული გახდა გადამდგარიყო და აფხაზეთიდან გაქცეულიყო. ხელისუფლება კი ხაჯიმბას და მის მხარდამჭერებს დაუტოვა.

ოთხი წლის შემდეგ სიტუაცია აფხაზეთში ბევრად უფრო  გაუარესდა. რუსეთის ფედერაციის დახმარება, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის თითქმის ნახევარს შეადგენს, ყირიმის ანექსიისა და შემდგომი სანქციების შემდეგ თითქმის განახევრდა.

სოხუმმა ასეც ვერ შეძლო ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებში რაიმე არსებითი რეფორმის გატარება, რის შედეგადაც გასული წლის ზაფხულიდან აფხაზეთში დანაშაულისა და “კანონიერი ქურდების” რეგულარულ შეკრებებზე ინფორმაცია ვრცელდებოდა.  როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, “კანონიერი ქურდები”, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებზე უფრო ეფექტურად წყვეტდნენ პრობლემებს. ყოველივე ამან, ბოლო ორი წელია, აფხაზეთში ტურისტული სეზონის ჩავარდა გამოიწვია – ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის მთავარი წყარო.

მანკიერი წრე

ოპოზიცია მოსახლეობას უკეთეს ცხოვრებას სთავაზობს. გამოსავალს კვლავაც ხელისუფლების ცვლაში ხედავენ. თუმცა წინა წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხელისუფლების ცვლით აფხაზეთში  ბევრი არაფერი იცვლება უკეთესობისკენ.

ამ მანკიერ წრეში აფხაზეთი  რამდენიმე მიზეზით აღმოჩნდა.  პირველი- და როგორც ჩანს, ყველაზე მთავარი მიზეზი ადგილობრივი ისტებლიშმენტის სურვილის ნაკლებობაა, ომისშემდგომ ფესვგადგმულ რეალიებს დაუპირისპირდეს. რეგიონი  ცხოვრებას აგრძელებს ნეპოტიზმისა და ავტორიტეტების გაგებით. “კანონის უზენაესობის” დამყარების ნებისმიერი მცდელობები კი მცირე საზოგადოების შიგნიდან მაშინვე წინააღმდეგობებს აწყდება.

მეორე მიზეზი კვლავაც დარჩენილი ნაციონალიზმია. რაოდენ მჭიდრო ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს აფხაზეთის ხელისუფლებას რუს მოკავშირეებთან, აფხაზეთი საკუთარ უნიკალურობაზე საუბარს მაშინაც აგრძელებს, როდესაც, მაგალითად, საუბარია უცხოელებზე ადგილობრივი ქონების შესაძლო გაყიდვაზე. ასეთი კონსერვატიზმი ისეთ სხვა სფეროებშიც ვლინდება, რომლებიც ფართო მასების ცხოვრებას განსაზღვრავს.

მესამე მიზეზია ის გარემოება, რომ რუსული მხარე იმ რეგიონში, რომელსაც არ სურს ბოლომდე და სრულიად მას მიეკუთვნებოდეს, “ბევრს” არ ჩადებს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მას სირიისა და უკრაინის მიმართულებით არსებითი და ზოგჯერ გაუთვალისწინებელი ხარჯები აქვს. როგორც დაახლოებით რვა წლის წინ აფხაზეთის საკითხებით დაკავებულმა ერთმა რუსმა დიპლომატმა მითხრა, “ მათ უნდათ, რომ მოვიდე, ყველაფერი ავუშენოთ და მერე ასე ავდგეთ და წავიდეთ”. თანამედროვე რუსეთი ასე არ მუშაობს.

[blue_box]რუსეთის პოზიციების გაძლიერება რეგიონში[/blue_box]

როგორი ბედიც არ უნდა ეწიოს ოპოზიციონერთა ამჟამინდელ კამპანიას, მომწიფებული კრიზისი აფხაზეთში, სავარაუდოდ, უკვალოდ არ ჩაივლის. ხელისუფლების ყოველი ვადამდელი ცვლილება, როგორც წესი,კიდევ უფრო აძლიერებს კრემლისგან ამ რეგიონის დამოკიდებულებას.

2014 წელს ხაჯიმბას მოსვლას თან ახლდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს შესთავაზა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების საპირწონედ. ბოლო ორი წელია მიმდინარეობს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების რუსულთან შერწყმის პროცესები, თავად აფხაზეთში კი გრძელდება რუსი თანამშრომლების ინფილტრაციის პროცესი. ამის ბოლო მაგალითებიდან შეიძლება გავიხსენოთ  საბაჟო რეგულირების სფერო. წინა წლებში ჩამოსული ჩინოვნიკები ძირითადად მხოლოდ უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელი.

რუსეთის პოზიციების გაძლიერებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება ძვირი დაჯდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებოდა ზოგიერი ის ოპიზიციონერი, რომელიც დღეს საპროტესტო აქციებს ამზადებს. ისინი ხედავენ, რამდენად ხისტად შეუძლია რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი ინტერესების წამოწევა მეზობელ ქვეყნებში. აფხაზეთში კი არ არიან მზად, უარი თქვან მსოფლიოში მათთვის ერთადერთი ძლიერი სახელმწიფოს მხარდაჭერისგან, რომელიც არჩენს და იცავს აფხაზეთს და ამავე დროს სხვა ქვეყნებში მისი ინტერესების გატარებას აგრძელებს.

ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის ხელისუფლებაში, მათ მოუწევთ მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან. საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რისი დათმობა მოუწევთ მათ საკუთარი ლიდერობის სანაცვლოდ. ბოლო დღეებში თანამდებობიდან გადადგა ხელისუფლებაში ხაჯიმბას ბოლო სერიოზული მოკავშირე – უკვე დე ფაქტო ვიცეპრეზიდენტი ვიტალი გაბნია, რომელიც სოხუმისა და მოსკოვის კურატორებს შორის ურთიერთობებში დამაკავშირებელი რგოლი იყო. გადადგომის შემდეგ საკუთარ მიმართვაში მან ასეც განაცხადა, რომ აფხაზეთში ვითარების შერყევას შეუქცევადი პროცესების გამოწვევა შეუძლია. ისეთი პროცესების, რომელთა შეჩერებაც მხოლოდ “საგარეო პატრონის” – ანუ რუსეთის ჩარევით შეიძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი