ახალი ამბები

“პრინციპების ცვლილებაზე არ უსაუბრიათ, რაც დასანანია” – ჯანაშია განათლების რეფორმაზე

14 სექტემბერი, 2018 • 2401
“პრინციპების ცვლილებაზე არ უსაუბრიათ, რაც დასანანია” – ჯანაშია განათლების რეფორმაზე

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გამართულ პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნეს, რომ რეფორმა როგორც სკოლამდელ, ისე საშუალო, უმაღლეს, პროფესიულ განათლებასა და მეცნიერებას შეეხება.

განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას თქმით, პრინციპების დონეზე ერთადერთი ახალი ითქვა ის, რომ განათლების დაფინანსების წილი მშპ-ში 10%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც მისასალმებელია. თუმცა ექსპერტი იდეის აღსრულების გზების ბუნდოვანებაზე საუბრობს.

“…[ეს] ძალიან დიდი წინსვლა იქნება, თუმცა ცოტა არარეალისტურია. არ ჩანს, როგორ აპირებენ ასეთ ნახტომს, როცა ამ ეტაპზე ხუთჯერ უფრო ნაკლებია განათლების წილი”, – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

საშუალო განათლების მიმართულებაზე საუბრისას სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს სურვილი, წინ წამოწიოს სკოლის დირექტორის როლი მართვის პროცესში, სწორი ნაბიჯია, თუმცა ამ კუთხით სისტემური ცვლილებებია აუცილებელი:

“…პრინციპების ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა და ეს დასანანია. პრინციპებიც და სტრუქტურებიც ძირეულადაა შესაცვლელი. მეტი კოორდინაცია უნდა იყოს სხვადასხვა სააგენტოებს შორის. მაგალითად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და ხარისხის მართვის სააგენტოებს შორის. სისტემა ნაკლებად უნდა ორიენტირდეს გამოცდებზე; სახელმძღვანელო სისტემის მეტი ლიბერალიზაციაა საჭირო და ა.შ.”.

განათლების მინისტრმა პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის სახელმწიფო გადავა ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე. მოდელის დეტალები არ გაცხადებულა, თუმცა სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ მთავარი არა გამოცდების, არამედ სასწავლებლებში მიღების პრინციპის შეცვლაა, რომელიც ამ ეტაპზე საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს.

“მისაღები სისტემა დღეს არასწორადაა მოწყობილი, რადგან სტუდენტი არჩევს უნივერსიტეტს და არა უნივერსიტეტი სტუდენტს. ეს არსად არ ხდება, რომ უნივერსიტეტს არ ჰქონდეს საშუალება, თავად შეარჩიოს ისეთი სტუდენტი, რომელიც მის პროგრამებს შეესაბამება.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ეს საგამოცდო სისტემა ხელს უწყობს უთანასწორობის შენარჩუნებას. ადამიანებს, რომელთაც აქვთ მეტი ფული, აქვთ საშუალება მოიპოვონ მეტი სახელმწიფო დაფინანსება და მოიპოვონ ადგილი უნივერსიტეტში. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაიბადე ღარიბ ოჯახში, უმაღლესი განათლების მიღების შანსები ნაკლებია. განსაკუთრებით მაშინ, თუ სოფელში დაიბადე. გჭირდება რეპეტიტორები, რომლებიც კონცენტრირებული არიან ქალაქში, ისევე როგორც მათთან მომზადების საჭირო რესურსები”,  – აცხადებს ექსპერტი.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსში წარდეგნილი რეფორმა განათლების ხარისხის უკეთ სამართავად “დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების” შექმნასაც გულისხმობს.

“იმისათვის, რომ რეფორმა იყოს შედეგიანი, ის ეტაპობრივად, გაწერილი გეგმის მიხედვით განხორციელდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს განათლების ხარისხისა და აკრედიტაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, დამოუკიდებელი და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოების შექმნას”, – ნათქვამია განათლების სამინისტროს პრესრელიზში. 

სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ეს გეგმა არამხოლოდ ხარისხის მართვის სტანდარტის გაუმჯობესების სურვილის, არამედ აღნიშნული სეგმენტის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილების გამოძახილია. მისი თქმით, ამჟამინდელი სისტემის პირობებში აკრედიტაციის ორგანოების დამოუკიდებლობა გარანტირებული არ არის.

“…ცხადია, [რეფორმა] საზოგადოებას პასუხობს, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ აკრედიტაციის პროცესი პოლიტიზებულია და მეორე: ეს ვალდებულება დიდი ხანია აღებული აქვს სახელმწიფოს იმისთვის, რომ განათლების ხარისხის მართვის სტრუქტურები ინტეგრირებული იყოს ევროპულ სტანდარტებთან. ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ჩვენი ხარისხის მართვის ცენტრი იქნებოდა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი. ამ პირობას სახელმწიფო არათუ არ ასრულებდა, არამედ აუარესებდა იმით, რომ მინისტრები და მინისტრის მოადგილეები ინიშნებოდნენ ცენტრის ხელმძღვანელებად”, – აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ამავე თემაზე:

ბატიაშვილი: პედაგოგების საშუალო ხელფასი 1500 ლარს 2022 წელს მიაღწევს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი