ახალი ამბები

სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების ვერსია რუსეთის სამთავრობო ტელეარხზე

14 სექტემბერი, 2018 • 2134
სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების ვერსია რუსეთის სამთავრობო ტელეარხზე

სალსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლაში ბრალდებულები, რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრე პეტროვი რუსეთის სახელისუფლებო მედიასაშუალებასთან ბრიტანეთში მათი ვიზიტის მიზეზებზე საუბრობენ. თუმცა, როგორც იკრვევა, RT-სთვის მიცემულმა ინტერვიუმ მომხდარის შესახებ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

ბრიტანული გამოცემა “გარდიანის” შეფასებით, ინტერვიუში მოყოლილი ვერსია ურთიერთგამომრიცხავია.

ბრალდებულების მონაყოლის მიხედვით, სალსბერიში ტურისტული მიზნებით 3 მარტს ჩავიდნენ. პეტროვი და  ბოშიროვი ამბობენ, რომ ქალაქში მდებარე ეკლესია უნდა ენახათ, თუმცა ძლიერი თოვის გამო უკან დაბრუნება მოუხდათ.

“გარდიანი” წერს, რომ როგორც ადგილობრივი გაზეთების ფოტოებით ირკვევა, იმ დღეს სალსბერიში მართლაც თოვდა, თუმცა ხალხი ქუჩაში თითქმის უპრობლემოდ გადაადგილდებოდა. პეტროვი და ბოშიროვი კი, ოფიციალური უწყებების ცნობით, სალსბერის კათედრალიდან 12 წუთის სავალზე იმყოფებოდნენ და ქალაქში მათი რეალურად ყოფნის მიზეზი დაზვერვა იყო.

როგორც გამოცემა სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ბრალდებულები არცერთ ღირშესანიშნაობასთან ახლოს არ ყოფილან, რომელთა მიმართ ინტერესზეც ინტერივუში საუბრობდნენ.

რას ასახელებენ ბოშიროვი და პეტროვი ბრიტანეთში ვიზიტის მიზეზად?

ბოშიროვი და პეტროვი ირწმუნებიან, რომ ბრიტანეთს გასართობად ეწვივნენ. მათი თქმით, ბრიტანეთში 2 მარტს ჩაფრინდნენ და  სატრანსპორტო ქაოსი დახვდათ. “გარდიანის” ცნობით, ეს ნაწილი სიმართლეა, უამინდობის გამო ტრანსპორტს პრობლემები მართლაც შეიქმნა. 1 900-ზე მეტი ფრენა ბრიტანეთისა და ირლანდიის აეროპორტებიდან გაუქმდა.

რატომ გადაწყვიტეს სალსბერის მონახულება?

პეტროვმა თქვა, რომ “არაჩვეულებრივი” სალსბერის მონახულების იდეა მათ მეგობრებმა მიაწოდეს. პეტროვისა და ბოშიროვის თქმით, თავდაპირველად აპირებდნენ ქალაქში ერთი დღის გატარებას, რადგან მიიჩნიეს, რომ ეს საკმარისი იქნებოდა.

პეტროვის თქმით, მას და ბოშიროვს არა მხოლოდ სალსბერის ეკლესიის, არამედ სტოუნჰენჯისა და უძველესი დასახლების ნახვაც სურდათ, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარეობს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები სალსბერიში 3 მარტს, 14:25-ზე ჩავიდნენ და ქალაქში მხოლოდ ორი საათი გაატარეს.

პეტროვი და ბოშიროვი ამას უამინდობით ხსნიან. ამბობენ, რომ სალსბერიში მხოლოდ ნახევარი საათი გაატარეს, რადგან მთელი ქალაქი თოვლით იყო დაფარული. პეტროვის თქმით, ისინი სადგურზე დაბრუნდნენ, სადაც 40 წუთი დაჰყვეს, ყავა დალიეს და ლონდონში დაბრუნდნენ.

“გარდიანის” თქმით, ეს ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან სადგურიდან ეკლესიამდე დაახლოებით 15 წუთის სავალი მანძილია. გამოცემა წერს, რომ თოვლი მიწაზე მართლაც იდო, თუმცა ხალხი მაინც გადაადგილდებოდა ქალაქის ცენტრში და ნახევარი საათი, რომელიც მათი თქმით, ქალაქში გაატარეს, საკმარისი იქნებოდა ეკლესიის მოსანახულებლად.

“ვფიქრობ, ეკლესია ცნობილია ევროპაში და გარდა ამისა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის ცნობილია მისი 123-მეტრიანი კოშკით. ის ცნობილია მისი საათით. ეს მსოფლიოში უძველესი საათია, რომელიც ამ დრომდე მუშაობს” – ამბობს პეტროვი. მოგვიანებით მან ეკლესიის სახელიც თქვა. გამოცემა წერს, რომ ფრაზები, რომლითაც პეტროვმა ეკლესიის შესახებ ისაუბრა, ინტერნეტ-ენციკლოპედია “ვიკიპედიაზე” გვხვდება.

რატომ დაბრუნდნენ ბოშიროვი და პეტროვი 4 მარტს – მათი ვერსია

ბრალდებულების თქმით, 4 მარტს ლონდონში თოვლი დადნა და ტემპერატურამაც იმატა:

“ჩვენ ძალიან გვინდოდა “სარუმის” უძველესი დასახლებისა და ეკლესიის ნახვა” – ამბობს პეტროვი. მისი თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ ამჯერად ეკლესიამდე მივიდოდნენ და შესაძლოა, დასახლებამდეც მიეღწიათ.

პეტროვის თქმით, ეკლესია მართლაც მოინახულეს და იქ ფოტოები გადაიღეს. მისი თქმით, სათვალთვალო კამერებსაც უნდა დაეფიქსირებინათ, თუმცა ბრიტანეთის კონტრტერორისტულ სამსახურს ეკლესიის სიახლოვეს გადაღებული მათი ფოტოები არ გაუვრცელებია. მათი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არც ეკლესიაში ფლობენ. რაც შეეხება “სარუმის” უძველეს დასახლებას, პეტროვი და ბოშიროვი ამბობენ, რომ ღირსშესანიშნაობა ვერ მოინახულეს, რადგან დაკეტილი იყო.

სად წავიდნენ ამის შემდეგ?

ბრალდებულების თქმით, ამის შემდეგ ისინი პარკში ყავის დასალევად წავიდნენ. მათ სწორედ ის პარკი დაასახელეს, რომელიც პოლიციის მიერ თავდასხმის შემდეგ დახურული იყო, რადგან “ნოვიჩოკით” კიდევ  ორი ადამიანი მოიწამლა. სწორედ “დედოფალ ელიზაბეტის ბაღში” ეძებდა პოლიცია ნივთიერების ნარჩენებს, რომელიც სკრიპალის სახლის კარზე აღმოაჩინეს.

შეესაბამება ბრალდებულების ვერსია იმას, რაც ბრიტანულმა პოლიციამ განაცხადა?

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები სალსბერიში 4 მარტს, 11:48 საათზე დაბრუნდნენ, თუმცა ქალაქის ცენტრისა და ეკლესიისკენ არ წასულან. ისინი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილისკენ გაემართნენ, სადაც სკრიპალი ცხოვრობდა.

კითხვაზე, მიუახლოვდნენ თუ არა სკრიპალის სახლს, პეტროვი აცხადებს, რომ შესაძლოა, თუმცა დაზუსტებით არ იცის. “გარდიანის” ცნობით, მონაყოლის მიხედვით, ბრალდებულებს სკრიპალის სახლთან ახლოს ყოფნის მიზეზი არ უნდა ჰქონოდათ.

რა გააკეთეს ბრალდებულებმა შემდეგ?

“გარდიანი” წერს, რომ თავდასხმიდან ერთი საათის შემდეგ, 13:05 საათზე, ბრალდებულები ქალაქის ცენტრში, ფიშერტონის ქუჩაზე იყვნენ. დამატებითი დეტალები, როგორ მივიდნენ ბოშიროვი და პეტროვი იქ – პოლიციას არ გაუსაჯაროებია. ამ ქუჩიდან ეკლესიამდე სულ რამდენიმე წუთის სავალია. “გარდიანის” თქმით, ამ შემთხვევაშიც, ბრალდებულების გადაადგილების მარშრუტში 40-წუთიანი ჩავარდნაა. ამჯერადაც, ბრალდებულებმა უამინდობა დაასახელეს ქალაქის ნაადრევად დატოვების მიზეზად.

თუმცა, როგორც გარდიანი წერს, მართლაც რომ სდომოდათ სტოუნჰენჯის ნახვა, ბოშიროვი და პეტროვი ამას მარტივას მოახერხებდნენ, რადგან დამთვალიერებელთათვის ღირშესანიშნაობა 17 საათამდე იყო ღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი