ახალი ამბები

ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულებზე ძებნა ინტერპოლით გამოცხადდა

13 სექტემბერი, 2018 • 4093
ტატუნაშვილის წამებაში ბრალდებულებზე ძებნა ინტერპოლით გამოცხადდა

ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის  საერთაშორისო ძებნა  წითელი ცირკულარით დაიწყო. ეს პირები  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებასა და წამებაში არიან ბრალდებული.

ინფორმაცია ამის შესახებ 13 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია  ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუ ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირება მოხდება, მათი დაკავების, საქართველოში  ექსტრადიციისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით  ყველა აუცილებელი ღონისძიება გატარდება.

დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა.

გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების – არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის – დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი