რა პრობლემის შექმნა შეუძლია გაპრეზიდენტების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ომზე

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მართალია, 1801 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა 2008 წლის საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო. შეუძლია თუ არა სალომე ზურაბიშვილის მსგავს განცხადებებს, თუკი ის პრეზიდენტი გახდება, პრობლემები შეუქმნას საქართველოს?


სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომში ქართული მხარის ბრალეულობის შესახებ წლებია საუბრობს და ის თანმიმდევრული იყო, როდესაც იგივე პოზიცია უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის რანგშიც დააფიქსირა.

“მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების”, – განაცხადა ზურაბიშვილმა 6 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. შემდეგ ზურაბიშვილს განმარტების გაკეთება დასჭირდა:

“კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი – რუსეთი.  კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი ასევე ერთმნიშვნელოვანია – დიახ. სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად”, – დაწერა ზურაბიშვილმა 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში.

ეს განმარტება მისაღები აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს, თუმცა “ქართულ ოცნებას” კომენტარი არ გაუკეთებია მისი ფავორიტი კანდიდატის ბოლო ბრალდებებზე, რომ “ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია”.

სალომე ზურაბიშვილი პირობას დებს, რომ ” ამ ყველაფერს იტყვის ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლე “ნაციონალებისა” და მათი სატელიტებისთვის”. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მის განცხადებებს ვერავინ გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ.

“არავინ არ გამოიყენებს, არავის მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენონ… დიპლომატია საკმაოდ კარგად ვიცი და ზუსტად ვიცი, საერთაშორისო დონეზე როგორ უნდა მოვიქცეთ”, – ამბობს ზურაბიშვილი.

ამ დროისთვის საქართველოს ორი სახელმწიფოთაშორისი დავა აქვს რუსეთთან აგვისტოს ომის საქმეზე – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. მართალია, რიგითი მოქალაქე სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოსთვის არანაირ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს, თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს და მსგავსი შინაარსის განცხადებებს უკვე პრეზიდენტის რანგში გააკეთებს?

“ნეტგაზეთის” კითხვას საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ლევან მესხორაძე პასუხობს:

“სალომე ზურაბიშვილი ჯერ პრეზიდენტი არ არის, აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები დღევანდელი გადმოსახედიდან ვერანაირ სამართლებრივ ვალდებულებებს ვერ წარმოშობს და ვერ იქნება მყარ მტკიცებულებად გამოყენებული, მაგრამ სხვა შემთხვევა იქნებოდა, ეს რომ ყოფილიყო უკვე მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უფრო კონკრეტულად, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე “ავსტრალია საფრანგეთის წინააღმდეგ”, პრეზიდენტის განცხადება წარმოშობს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი და სახლემწიფო მეთაურები უნდა იყვნენ ფრთხილი, როცა აკეთებენ საჯარო განცხადებებს”.

“ავსტრალია საფრანგეთის წინააღმდეგ” – პრეცედენტული საქმე

საქმე ეხებოდა საფრანგეთის მიერ წყნარი ოკეანეში განხორციელებულ ბირთვულ გამოცდებს, რაზეც ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ ICJ-ის მიმართეს და მოითხოვდნენ წვრთნების შეწყვეტას. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცდებს 1974 წელს დაასრულებდა. 1974 წლის დეკემბერში სასამართლომ მიიჩნია, რომ უმაღლესი ხელისუფალი პირის საჯარო განცხადებით, საფრანგეთმა უკვე აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ამიტომ ავსტრალიის და ახალი ზელანდიის სარჩელის განხილვა საფუძველს მოკლებული იყო.

ლევან მესხორაძის თქმით, საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომის ორივე საქმეზე ქართულ მხარეს წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს საქართველო გახდა სამხედრო აგრესიის მსხვერპლი.

“რუსეთის ფედერაციის საპასუხო შუამდგომლობები, დოკუმენტები და პოზიცია არის ის, რომ პირიქით, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას და საქართველომ დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ფაქტობრივად, არ მეგულება არცერთი წყარო, გარდა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პოზიციისა, რომელიც ამბობდეს, რომ საქართველო თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებს აგვისტოს ომის დროს. რუსული მხარე არაერთ სუსტ არგუმენტაციას იყენებს თავისი პოზიციის გასამყარებლად, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ნებისმიერი მასალა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, იქნას გამოყენებული მათ მიერ. მაგრამ საბედიეროდ, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაკეთებული განცხადება ვერ იქნება მყარ მტკიცებულებად გამოყენებული. სხვა შემთხვევა იქნებოდა, ეს რომ ყოფილიყო უკვე მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადება”, – აღნიშნა მესხორაძემ.

Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ასათიანი ასევე ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული წესების მიხედვით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა ზეპირმა განცხადებამ, მათ შორის ჟურნალისტებთან პრესკონფერენციის დროს, შეიძლება, სახელმწიფოსთვის საერთაშორისო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.

“შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა გავლენა იქონიოს საერთაშორისო სასამართლოებში 2008 წლის კონფლიქტის შესახებ მიმდინარე პროცესებზე. მაგალითად, თუკი საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს 2008 წელს საქართველოს სამხედროების მიერ ომის დანაშაულის ჩადენას, ეს შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ სისხლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშულებების გამოძიების პროცესში”, – განმარტავს ასათიანი.

საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის აზრით, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეიძლება ქვეყნისთვის საზიანო იყოს საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად იმის თაობაზე, თუ ვინ არის დამნაშავე ომში.

“10 წელია ჩვენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასაც, არაერთ ფრონტზე გვიწევს იმის მტკიცება, რომ ის, რაც მოხდა 2008 წელს, არის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევა რუსეთის მხრიდან. მთელი ამ ხნის განმავლობაში მარტო საია-ს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაღებული აქვს 60-ზე მეტი საჩივარი, რომელიც 400-ზე მეტ პირს და 40-ზე მეტ გეოგრაფიულ ერთეულს ეხება საქართველოს მასშტაბით. ამ ფონზე მუდმივად საუბარი იმაზე, რომ ომის დაწყება დაკავშირებულია საქართველოს მოქმედებასთან, ცხადია, შემაშფოთებელია. თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და წონიანი გახდება მისი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტობამდე გაკეთებული”, – უთხრა სალაძემ “ნეტგაზეთს”.

დღესდღეობით კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოებში. თუმცა იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია შეიძლება დამაზიანებელი იყოს საქართველოსთვის, იუსტიციის მინისტრმა მიანიშნა კომენტარში, რომელიც ჟურნალისტებს მისცა 10 სექტემბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე.  თეა წულუკიანის თქმით, ქართული მხარე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით არის წარმოდგენილი როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სასამართლოში და მიზნად ისახავს დაამტკიცოს, რომ აგვისტოს ომი დაიწყო და  ეთნიკური წმენდა განახორციელა რუსეთის ფედერაციამ.

“ჩვენთვის მთავარია მტკიცებულებები და არა განცხადებები, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ მხედველობაში ვიქონიოთ ის, რომ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს სახელით მიჰყავს ეს ორი დავა. მტკიცებულებების შეგროვებისას, რა თქმა უნდა, ხანდახან განცხადებებიც შეიძლება იყოს ხოლმე სასამართლოს მიერ მხედველობაში მიღებული. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი