ახალი ამბები

მიმინოშვილის პირველი კომენტარი NAEC-იდან გათავისუფლების შემდეგ

13 სექტემბერი, 2018 • 2891
მიმინოშვილის პირველი კომენტარი NAEC-იდან გათავისუფლების შემდეგ

მაია მიმინოშილი გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდბეობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მიმინოშვილი აცხადებს, რომ ახალ მინისტრთან არავითარი უთანხმოება არ ჰქონია, რადგან მათ ერთად მუშაობა ვერ მოასწრეს.

მესამე დღეა თითქმის ყველა მედიასაშუალება მთხოვს განმარტებას, თუ რა გახდა, ჩემი აზრით, მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი. ვეცდები მოკლედ და გულწრფელად გიპასუხოთ: ცხადია, ჩვენს შორის არანაირი უთანხმოება ან აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან ერთად მუშაობა ვერც მოვასწარით. ამასთან, ვფიქრობ, საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია. საქმის კეთებისას გუნდურობას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი და, შესაბამისად, მესმის, რომ სისტემაში ცვლილებების წამოწყება ახალ მინისტრს თავის გუნდთან ერთად სურს. ამ რთულ საქმეში წარმატება მინდა ვუსურვო! ეს ქვეყანას, საზოგადოებას ძალიან სჭირდება”, – აცხადებს მიმინოშვილი.

მიმინოშვილის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა ნაექის სახით შექმნეს ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერი ხელმძღვანელის პირობებში წარმატებით გაართმევს თავს ძველ და ახალ ამოცანებს.

“დავნერგეთ სისტემა, რომლის ობიექტურობა თუ ეფექტიანობა ერთი ან რამდენიმე ადამიანის სურვილსა და კეთილსინდისიერებაზე არ არის დამოკიდებული”.

მიმინოშვილი უკვე ყოფილ კოლეგებსაც მიმართავს:

და ბოლოს, ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ჩემს „ნაეკელებს“ მინდა მივმართო: სწორედ თქვენ ხართ ამ ორგანიზაციის ძლიერი მხარე. თქვენმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ, საქმისადმი ერთგულებამ და პროფესიონალიზმმა შექმნა „ნაეკი“ და ეს იქნება მისი ყველა მომდევნო წარმატების უპირობო გარანტი! გმადლობთ მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის!

მასალების გადაბეჭდვის წესი