ახალი ამბები

“საქართველოს დარაჯი” უცხოელების წინააღმდეგ, უცხოელი ბიზნესპარტნიორებით

13 სექტემბერი, 2018 • 9553
“საქართველოს დარაჯი” უცხოელების წინააღმდეგ, უცხოელი ბიზნესპარტნიორებით

“საქართველოს დარაჯი” – ასე მოიხსენიებს თავს პირი, რომელიც საქართველოში უცხოელების დასახლებას და მათ მიერ აქ ქონების შეძენას ეწინააღმდეგება.

“საქართველოს დარაჯი”,  როგორც მის მიერ გადაღებულ და გამოქვეყნებულ ვიდეოშია ნათქვამი, იოსებ ლეიაშვილია. მის მიერვე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული საჯარო ვიდეოების მიხედვით, ის თბილისის ქუჩებში შესაბამის წარწერიანი მაისურითა და ავტომობილით გადაადგილდება და ქსენოფობიური შინაარსის, უცხოელების მიმართ მუქარის შემცველ ვიდეოებს იღებს. ერთ-ერთ ვიდეოში ის იარაღით მოძრაობს. უცნობია, არის თუ არა ეს ცეცხლსასროლი.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება სსკ-ის 223-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო ფორმირების შექმნასა და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ქმედებებიც”.

როგორც “ნეტგაზეთმა” საჯარო რეესტრის მეშვეობით გაარკვია, ლეიაშვილი თავად ფლობს არაერთ ბიზნესს აზიის ქვეყნების მოქალაქეებთანთან ერთად.

“საქართველოს დარაჯის” შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა მოქალაქემ, რომელიც ირწმუნება, რომ ორ კაცს, რომელთაც ეცვათ მაისურები, წარწერით “საქართველოს დარაჯი”, თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ორი ინდოელი კაცი ჰყავდათ გაჩერებული, სთხოვდნენ პასპორტებს და სხვადასხვა კითხვებს უსვამდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი ფოტოაპარატით იღებდა მათ.

“ეს ორი გაურკვეველი პირი საბუთებს სთხოვდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს იმ საფუძვლით, რომ ეჭვი იყო მათი არალეგალობის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გარეთ იდგნენ და ლუდს სვამდნენ. ასევე გაირკვა, რომ ეს ორი გაურკვეველი ტიპი ყოველდღე ამ ტერიტორიაზე არის და აკვირდება ყველა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს. მეორე მამაკაცი, რომელმაც უარი განაცხადა კითხვაზე პასუხის გაცემაზე, ფოტოაპარატით იღებდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს. “, – ვკითხულობთ მოქალაქე ნინა ქიქავას პოსტში, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ საპატრულო პოლიციამ მომხდარზე სათანადოდ არ იმოქმედა:

” პატრულმა განაცხადა, რომ თუ ზემოთ ხსენებულმა ორმა მამაკაცმა ინდოელ მამაკაცებს სთხოვეს საბუთები და არა მოსთხოვეს, მაშინ ეს ყველაფერი დასაშვები იყო”, – წერს ის.

როგორც კიდევ ერთი მოქალაქის ფეისბუქ პოსტიდან ირკვევა, აღნიშნული პირები გადაადგილდებიან შავი ფერის ავტომობილით , წარწერით: “საქართველოს დარაჯი”.

“საქართველოს დარაჯი” – უცხოელებთან მებრძოლი, რომელიც თავად აწარმოებს ბიზნესებს მათთან

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, ვინ და რა მიზნით შექმნა აღნიშნული ჯგუფი. როგორც აღმოჩნდა, მისი დამფუძნებელი მოქალაქე იოსებ ლეიაშვილია, რომელმაც Youtube-ზე ორი არხი, სახელწოდებით “საქართველოს დარაჯი”, რამდენიმე თვის ინტერვალით შექმნა. ერთ არხზე მხოლოდ ერთი ვიდეო იძებნება, სადაც ლეიაშვილი უძრავი ქონების სააგენტოებს მიმართავს, არ მიყიდონ უძრავი ქონება უცხოელებს:

“ყველა უძრავი ქონების სააგენტოს ვთხოვ, რომ ქართული მიწა და საქართველო არ გაყიდოს უცხოელ მოქალაქეებზე. შევუნახოთ ჩვენს შვილებს სამშობლო, ჰქონდეთ პარკები, ბაღები, ტყეები, ყველაფერი ეს, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. მე ამ ქვეყნის დარაჯი ვარ”, – ამბობს ის.

მეორე არხი კი მან რამდენიმე დღის წინ შექმნა და 11 სექტემბერს ორი ვიდეო ატვირთა. ერთ ვიდეოში ის შენობის წინ დგას, რომელშიც, როგორც თავად ირწმუნება, ირანის მოქალაქეს უძრავი ქონების სააგენტო აქვს გახსნილი. ამავე ვიდეოში ლეიაშვილი თავის ვინაობას ასახელებს და ამბობს, რომ “არავის მისცემს უფლებას, მამა-პაპის მიწები წაიღონ”. აქვე ჩანს სავარაუდოდ იარაღიც, რომელიც მას ქამარში აქვს მოთავსებული.

მეორე ვიდეოში, რომელიც ასევე 11 სექტემბრით თარიღდება, თავისუფლების მოედანზეა გადაღებული. იოსებ ლეიაშვილის ფონზე ორი უცხოელი ჩანს, რომელთაც ის შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათ “თავიანთი სამშობლო გაყიდეს”.

“იოსებ ლეიაშვილის შესახებ ცნობები იძებნება საქართველოს საჯარო რეესტრში. აღმოჩნდა, რომ პირი, რომელიც უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით კი, ირანისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეთა წინააღმდეგ იბრძვის, თავად აწარმოებს არაერთ ბიზნესს მათთან ერთად.

მაგალითად, კომპანიაში, სახელწოდებით “Sham Freedom”, წილების 50%-ს ლეიაშვილი, დანარჩენ 50%-ს კი სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე ფლობს. კიდევ ერთ კომპანიაში – “ელენამ. ქო.” – ლეიაშვილი 20%-ს ფლობს, 80% კი ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქის საკუთრებაა. კომპანია “Georgian Sol”-ში ლეიაშვილი პროცენტებს ირანის 5 მოქალაქესთან ინაწილებს.

“ნეტგაზეთი” ლეიაშვილისა და მისი თანამოაზრის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ დამატებითი დეტალების მოსაძიებლად”საქართველოს დარაჯის” ფეისბუქ გვერდთან დაკავშირებას ცდილობს. პასუხებს მიღებისთანავე მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი