გიგა მაქარაშვილი

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოხუმის დაცემის დღისთვის, ენგურამდე ფეხით მსვლელობას მოაწყობს

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოხუმის დაცემის დღისთვის ენგურის ხიდამდე ფეხით მსვლელობას მოაწყობს. როგორც მაქარაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, თბილისს 14 სეტემბერს, საღამოს დატოვებს და დღეში დაახლოებით 30 კილომეტრს გაივლის ფეხით, რათა 27 სექტემბერს ენგურის ხიდთან იყოს:

“მე ვიყავი ყარაფილაში ომის 10 წლისთავზე. დროშა მქონდა მხარზე გადაკიდებული და ფეხით მივდიოდი, მაშინ გზაში ისეთი ემოციური მუხტი წამოვიდა, თითქმის ყოველი მეორე მანქანა მიჩერებდა, მხარდაჭერის მიზნით ასიგნალებდნენ, ყველა მეკითხებოდა, რამე ხომ არ მჭირდებოდა და მეუბნებოდნენ, მიდი ბოლომდე, აბა, შენ იცი…

არც მეგონა, ამხელა ამბავი თუ ატყდებოდა. ამ ეტაპისთვის, თავიდან ბოლომდე კი  მარტო მიწევს წასვლა, საღამოს 8-ზე გავდივარ თბილისიდან, მაგრამ პერიოდულად ადამიანები იქნებიან, ვინც პერიოდულად მთელი დღე, ზოგი ორი-სამი დღე, ივლის ჩემთან ერთად. ღამე კარავში დავიძინებთ. დაახლოებით 30 კილომეტრის გავლა გვიწევს დღეში და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ვიქნები ენგურის ხიდთან, ბოლო წერტილში, სადაც ე.წ. საზღვარი არის გავლებული”, – ამბობს გიგა.

აქციის მიზანი, მაქარაშვილის თქმით, ანტიოკუპაციური ტალღის გაძლიერებაა:

“მიზანი არის ის, რომ ვიფიქრე, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არაფერი შეგვიძლია ოკუპაციის წინააღმდეგ გავაკეთოთ. ბერკეტი არ დაგვიტოვა სახელმწიფომ. თვითონ სახელმწიფოც სუსტია, საგარეო პოლიტიკაც ბევრ ეჭვს ბადებს და მეც გადავწყვიტე, მოდი, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, დავიხარჯები ბოლომდე და გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც შემიძლია საშუალოზე გამხდარ, არასპორტულ ადამიანს. წავალ დროშით და გადავსერავ მთელ ქვეყანას ყოველგვარი ფუფუნებისა და კომფორტების გარეშე, დღისით, მზეზე, რათა ბევრმა ადამიანმა დაინახოს, რომ ეს მუხტი კიდევ უფრო გაღვივდეს”, – ამბობს აქტივისტი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

როგორც გიგა ამბობს, მისი აზრით, ოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა და აუცილებელია ყველა შეთანხმდეს, რომ რუსეთი მტერია:

“ჩემი აქციის მიზანია, მეტმა ადამიანმა თქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია, მეტმა გაიხსენოს, რომ არსებობს ეს პრობლემები და იმ სოციალური პრობლემების ფონზე, რომელიც გვაქვს და ვერ გავექცევით, არ უნდა ჩაიკარგოს მთავარი პრობლემა, რაც გვაქვს: ქვეყნის პირველი და უმთავრესი მტერი- რუსეთი და ტერიტორიის 20% ოკუპირებული”, – ამბობს გიგა.

მისი თქმმით, პერფორმანსი ენგურის ხიდთანაც მოეწყობა, სადაც მას 100-მდე მხარდამჭერი შეუერთდება:

“ადგილზე დაახლოებით 100 კაცამდე ვიქნებით შეკრებილი. ვიღაცები ბოლო დღეს მანქანით მოდიან, ადგილობრივი რაიონებიდან მირეკავენ და შემომიერთდებიან. რამდენიმე იდეა არის დამუშვების პროცესში. მართლია, ვიღაცები დამეხმარნენ, ზოგმა საძილე ტომარა მომცა, ზოგმა სპეციალური ფეხსაცმელი, ძალიან ბევრი კომპანია და კერძო პირი ჩაერთო ამაში, რომ მქონოდა კარგი პირობები წასასვლელად, თუმცა აქციას რაც შეეხება, აქციას სჭირდება ფინანსები და რესურსები, რაც მე არ გამაჩნია. ჯერ რა იქნება, არ ვიცი, თუმცა 27-ში, სოხუმის დაცემის დღეს, აუცილებლად იქნება პერფორმანსი და ეს არ იქნება ერთკაციანი, ეს იქნება მინიმუმ 100 -აციანი მშვიდობიანი მინიაქცია”, – ამბობს გიგა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.