ახალი ამბები

ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს – სუსი

13 სექტემბერი, 2018 • 1353
ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ აწარმოებენ გამოძიებას ქრთამის აღების ფაქტზე.

სუსი მეტ დეტალს არ ასაჯაროებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლით მიმდინარეობს.

სუსი ასევე ადასტურებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელმაც გადადგომის შესახებ საზოგადოებას გუშინ ღამით ფეისბუქით აცნობა, სხვა საქმის ფარგლებშიც გამოკითხეს.

“ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლის ფარგლებში გამოიკითხა ლაშა გოგია”, – მოსწერეს ნეტგაზეთს სუსიდან.

ლაივპრესის ცნობით, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ-ის საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 16 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

სუსი საქმის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

ლაივპრესისვე ცნობით, 26 აგვისტოს, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, გავრცელდა ცნობა, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მერს, მათ შორის ლაშა გოგიას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს. მაშინ ლაშა გოგიამ “ლაივპრესს” განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია “აბსურდია”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი