ახალი ამბები

ევროკავშირის ახალი ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოშია

13 სექტემბერი, 2018 • 2849
ევროკავშირის ახალი ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოშია

ევროკავშირის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე  ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებობული დღის წესრიგი, ასევე, სამომავლო გეგმები განიხილეს.

“ევროკავშირი აქტიურადა არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. ასევე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის მონიტორინგის მისია. განხილული იქნა ასევე უსაფრთხოების საკითხები”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

კარლ ჰარცელის განცხადებით, მისთვის დიდი პატივია დაკისრებული ამოცანის შესრულება და მოწიწებით ეკიდება მას.

“ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია საქართველოში ჩამოსვლა და აქ მუშაობა. მე უკვე ოფიციალურად ვარ ევროკავშირის ელჩი საქართველოში. მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან. ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს დაახლოებული ხედვები, როგორ უნდა განვავითაროთ და გავაღრმავოთ ისედაც ბრწყინვალე ურთიერთობები”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

შვედმა დიპლომატმა კარლ ჰარცელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე იანოშ ჰერმანი შეცვალა.

საქართველოში ელჩად დანიშვნამდე ის იყო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

სხვადსხვა დროს კარლ ჰარცელი იყო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი (2013-2014), საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის
საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის
კაბინეტის წევრი (2012-2013), საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში წარმომადგენლის მოადგილე შვედეთის მუდმივი წარმომადგენლობაში ევროკავშირში (2005-2011), ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის/ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას კაბინეტის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი (1999-2005). იგივე ასევე მსახურობდა შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბში და შვედეთის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი