ახალი ამბები

ბურქასა და ნიქაბზე პროტესტი არ გამოგვიხატავს, ჩადრის აკრძალვას ვეწინააღმდეგებით – იგიდოვი

13 სექტემბერი, 2018 • 4372
ბურქასა და ნიქაბზე პროტესტი არ გამოგვიხატავს, ჩადრის აკრძალვას ვეწინააღმდეგებით – იგიდოვი

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი დეპუტატ ემზარ კვიციანის კანონპროექტს აკრიტიკებს, რომელიც საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბითა და ბურქით გამოჩენას კრძალავს.

მუსლიმთა სამმართველოს შეიხის თქმით, მუსლიმებში უკმაყოფილება ძირითადად გამოიწვია ჰიჯაბისა და ჩადრის აკრძალვის მოთხოვნამ, ვინაიდან არცერთი ფარავს სახეს. შესაბამისად, შეიხისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს დეპუტატი მათ შეზღუდვას უსაფრთხოების საბაბით.

“ისლამში შემოსვის ოთხი ფორმა არსებობს: ჩადრი, ჰიჯაბი, ნიქაბი და ბურქა. ჩვენ ძირითადად პროტესტი გვაქვს ჰიჯაბსა და ჩადრზე. ამ დროს სახე არ იფარება, ტანია შემოსილი. როცა ადამიანს სურს, შეიმოსოს, არავინ უნდა უკრძალავდეს და აჯარიმებდეს ამის გამო”, – აღნიშნა იგიდოვმა და მოგვიანებით დაამატა:

“კანონპროექტში ვნახეთ ტერმინი “ჩადრი”. ის სახეს არ ფარავს. ბურქაზე და ნიქაბზე პროტესტი არ გამოგვიხატავს, ჩვენ ჩადრის აკრძალვას ვაპროტესტებთ”.

მუსლიმთა სამმართველოს შეიხის თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში არამხოლოდ ადამიანის უფლებები დაირღვევა, არამედ მათი რელიგიური მრწამსიც შეილახება. მისივე განცხადებით, ინიციატივა საფრთხეს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსაც უქმნის:

“საქართველოში უამრავი მუსლიმი ტურისტი ჩამოდის. ამ გადაწყვეტილებით, ეს ნაკადიც შეჩერდება”, – აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენას კრძალავს.  კანონპროექტის ინიციატორი “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანია.

დეპუტატ კვიციანს საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვა სურს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი