ჩატაევის საქმე: სასამართლომ გორნაკაშვილს 13 წლით, ჩოფანაშვილს კი სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა  ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ზურაბ გორნაკაშვილს 13, ხოლო ბაადურ ჩოფანაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორივე პირი უკავშირდება ე.წ. ჩატაევის საქმეს – ისინი სამართალდამცველებმა თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ პანკისში, 2017 წლის 26 დეკემბერს დააკავეს. სწორედ ამ სპეცოპერაციის დროს დაჭრეს თემირლან მაჩალიკაშვილიც, რომელიც გარდაიცვალა

სასამართლოს ცნობით, საქმის მასალების თანახმად, გასამართლებული პირები ტერორისტული ორგანიზაციის წევრ ახმედ ჩატაევს, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს,  საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში დაეხმარნენ.

“ასევე,  ბრალდებულები მათ  სხვადასხვა სახის მომსახურებას უწევდნენ, კერძოდ, ამარაგებდნენ საკვები პროდუქტებით, ეხმარებოდნენ მობილური ტელეფონებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაში”, – ნათქვამია სასამართლოს გავრცელებულ რელიზში.

როგორც სასამართლო იტყობინება, ზურაბ გორნაკაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ბაადურ ჩოფანაშვილს აღიარებით ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცა საპროცესო შეთანხმება  რომლის საფუძველზეც სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც ბრალდებული 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.


მთავარი ფოტო: სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რომელიც თითქმის 22 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. 23.11.18 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე


მოკლედ: 

  • 2017 წლის 21-22 ნოემბერი:  თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც ახმედ ჩატაევი მოკლეს.
  • 26 დეკემბერი: პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად  დააკავეს 5 ადამიანი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ჩატაევთან კავშირში;
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი